"აფბა"-მ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2014 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამეს

"აფბა-მ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2014 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამეს.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - "აფბას" ინფორმაციით, ორგანიზაცია აგრძელებს პროექტ "განავითარე ბიზნესის" განხორციელებას, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იმ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობაა, რომლებიც იმ პროექტების იმპლიმენტაციას ახდენენ, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოში მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი ბიზნესის განვითარებასთან.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "აფბა"-ს ვიცე-პრეზიდენტმა შოთა გულბანმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტების მენეჯერმა ირაკლი მოისწრაფიშვილმა 2014 წელს სააგნეტოს მიერ განხორციელებული პროექტები შეაჯამეს, ასევე ისაუბრეს 2015 წელს არსებულ შესაძლებლობებზე, რასაც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მეწარმეებს სააგენტო სთავაზობს.

ირაკლი მოისწრაფიშვილმა დეტალურად განიხილა ყველა ის პროექტი, რაც ამჟამად ხორციელდება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ, კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა შემდეგ კომპონენტებზე - სოფლის მეურნეობის სამინისტროს - "უპროცენტო სასაქონლო განვადება მცირე ფერმერებისთვის", "შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის", "შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის", "შეღავათიანი აგროლიზინგი", "შეღავათიანი აგროკრედიტი გრანტით დაფინანსებული საწარმოებისთვის", "სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში", "აგროდაზღვევა" და "დანერგე მომავალი" პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

მისი განცხადებით, აგროპროექტების დაწყების შემდეგ საბანკო სექტორმა ამ მიმართულებით 800 მილიონ ლარზე მეტი სესხი გასცა. "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ "აფბას" პროექტ "განავითარე ბიზნესის" უმთავრესი მიზანიც, საქართველოში ეკონომიკის საკმაოდ მნიშვნელოვანი სეგმენტის, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და წახალისებაა.

შოთა გულბანის განცხადებით, კვლევის სამიზნე აუდიტორია არის თვითდასაქმებულები, სეგმენტი, რომელიც ქვეყანაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 60%-ზე მეტია. შესაბამისად, თვითდასაქმებულთა პრობლემატიკის კვლევა, მათ გადაჭრაზე ძალისხმევის მიმართვა, ასევე თვითდასაქმებულთა საქმიანობის პოპულარიზაცია, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გაჯანსაღებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. პროექტი ასევე ითვალისწინებს მიკრო და მცირე ბიზნესში თვითდასაქმებულთა პრობლემების იდენტიფიცირებას და მათი გადაჭრის გზების ძიებას.

"საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ერთ-ერთი მთავარი უწყებაა, რომელთანაც ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს, ამასთან ჩვენ ვსწავლობთ და მონიტორინგს ვუწევთ სააგენტოში მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებს. ამ ეტაპზე კი სააგენტოსა და ჩვენს მიერ შეჯამდა 2014 წელს მიმდინარე პროექტების შედეგები", - განაცხადა შოთა გულბანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტების შესახებ ინფორმაციის სამიზნე აუდიტორიამდე დროული მიწოდება უზრუნველყოფს მათ უფრო შედეგიან უტილიზაციას. ამ მხრივ, სოფლად მოღვაწე ფერმერებში, ასევე იმ ადამიანებში, ვინც პოტენციურად არის აღნიშნული პროექტების მოსარგებლე, ინფორმაციის დეფიციტი ნამდვილად იგრძნობა, სწორედ ამიტომ, "აფბა" მიიჩნევს, რომ საჭიროა მეტი აქტიურობა, როგორც სამთავრობო უწყებების, ისე არასამთავრობო სექტორის მხრიდან.

პროექტი "განავითარე ბიზნესი" კომპანია "ბილაინის" მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც, თავის მხრივ, "ბილაინის" სათავო კომპანიის "ვიმპელკომის" სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის MAKE YOUR MARK-ის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის შუალედურ შედეგებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.