"დემოგრაფიულ ინიციატივებზე ბიუჯეტიდან 70 მილიონზე მეტია დახარჯული"

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე გაერო-ს მოსახლეობის ფონდის კვლევებს ეხმაურება, რომლის მიხედვით, ევროპის მასშტაბით, საქართველოში შობადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

"გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც საქართველოში 2014 წლის მეორე ნახევარში ჩატარდა. კვლევის შედეგების მიხედვით, ევროპის მასშტაბით შობადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში დაფიქსირდა: შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 2.0 შეადგენს. 2012 წელს, როდესაც ჩვენ დემოგრაფიულ პროგრამაზე მუშაობა დავიწყეთ, კოეფიციენტი შეადგენდა - 1.6-ს, 2013 წელს გახდა - 1.7, ხოლო დღეს უკვე ეს მაჩვენებელი საგრძნობლად - 2.0-მდე გაიზარდა", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, გაერო-ს დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოგრაფიულ პოლიტიკას ქვეყნის განვითარების მთავარ ნაწილად მიიჩნევს - დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება გამოწვეულია ხელისუფლების მხრიდან თანმიმდევრული და ეფექტური პოლიტიკის გატარებით, რაც გამოიხატა შობადობის გაზრდაში, აბორტების შემცირებაში და ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ხუნდაძემ ბოლო ორი წლის მანძილზე განხორციელებულ დემოგრაფიულ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება.

"საქართველოს ექვს რეგიონში, სადაც სიკვდილიანობა შობადობას აღემატება, ყოველ მესამე და შემდგომ ახალშობილზე 2 წლის ასაკამდე გაიცემა ფულადი დახმარება ბარში - 150, ხოლო მთაში - 200 ლარის ოდენობით. მშობიარობა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. გაიზარდა დეკრეტული შვებულების ვადა და ანაზღაურება. ორსული ქალებისთვის დაწესდა უფასო კონსულტაცია. ასევე, ორსულ ქალებს უფასოდ ეძლევათ ფოლიუმ მჟავას და რკინა-დეფიციტური ანემიის შემთხვევაში რკინის შემცველი პრეპარატები. აბორტამდე მოსაფიქრებელი ვადა 3 დღიდან 5 დღემდე გაიზარდა. აიკრძალა სელექციური აბორტები. გამკაცრდა სასჯელი უკანონო აბორტების მიმართ. განისაზღვრა მარტოხელა მშობლის სტატუსი. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის გაიცემა ერთჯერადი დახმარება საკვებით და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით 1000 ლარის ფარგლებში. ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის. ბოლო ორი წლის მანძილზე მხოლოდ დემოგრაფიულ ინიციატივებზე ბიუჯეტიდან დახარჯულია 70 მილიონზე მეტი. დემოგრაფიულ ინიციატივებზე მუშაობა გრძელდება: სრულდება მუშაობა შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ კანონპროექტზე. სრულდება მუშაობა მთის კანონზე", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მან აქვე დასძინა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ეროვნულ უსაფრთხოებასთან, ამიტომ სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის თანმიმდევრული განხორციელება გრძელდება.