საპარტნიორო ფონდი მაისში "პანექსის" საწარმოს გახსნის.
ფონდის ინფორმაციით, ე.წ. სენდვიჩ პანელების პროექტი მაისის ბოლოს დასრულდება და პირველი პროდუქციაც გამოვა. პროდუქციის 60% საქართველოში გაიყიდება, ხოლო დანარჩენი ექსპორტზე გავა. "სამშენებლო სექტორი ჩვენი ეკონომიკის ხერხემალია და ასეთი პროექტების ხელშეწყობით და განხორციელებით უაღრესად მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ ეკონომიკის გაჯანსაღების და გაძლიერებისთვის", - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი კოვზანაძემ.
საწარმო რუსთავის გზატკეცილზე აშენდა და თანამედროვე იტალიური და კორეული დანადგარებით აღიჭურვა. ე.წ. "სენდვიჩ პანელები" ინდუსტრიული დანიშნულების შენობების მშენებლობისას გამოიყენება და რკინა-ბეტონის კონსტრუქციაზე იაფია, ხოლო მისი დამონტაჟება ნაკლებ დროს მოითხოვს და სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით მოცულობაში ნაკლებია. საპარტნიორო ფონდი პროექტს ადგილობრივ კომპანია შპს ICES-თან ერთობლივად ახორციელებს, რისთვისაც მათ საწარმო "პანექსი" დააფუძნეს. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 6 მლნ აშშ დოლარია.