ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით საფოსტო ბაზრის კვლევა მიმდინარეობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით საფოსტო ბაზრის კვლევა მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, საერთაშორისო საკონსულტაციო-აუდიტორული კომპანია KPMG საფოსტო ბაზრის კვლევას ახორციელებს. კვლევის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით გარკვეული რაოდენობის დასახლებული პუნქტების მოსახლეობაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საფოსტო მომსახურებით უზრუნველყოფის მდგომარეობის თაობაზე მომხმარებელთა გამოკითხვა ჩატარდება. კომპანია ასევე განახორციელებს ფოსტის სფეროში მოქმედი მეწარმე სუბიექტების საქმიანობის ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემების კვლევას.

"აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში საფოსტო ბაზრის ასეთი სახის ფართომასშტაბიანი კვლევა პირველად ტარდება. ამ კვლევაში მოსახლეობის, ასევე ფოსტის სფეროში მოქმედი კომპანიების აქტიური მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საფოსტო ბაზრის კვლევის შედეგად ჩამოყალიბებულმა სამოქმედო პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ფოსტის სფეროს შემდგომ განვითარება/სრულყოფას, მაღალხარისხიანი საფოსტო მომსახურებებით (მათ შორის, უნივერსალური საფოსტო მომსახურებით) მომხმარებელთა უზრუნველყოფას, აღნიშნულ სფეროში კონკურენციის განვითარებას და ა.შ.", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული კვლევის შედეგები შესაბამის ასახვას ჰპოვებს ფოსტის სფეროში მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტებშიც, რის შემდეგაც სრულყოფილი სახით მოხდება მათი ინიცირება საქართველოს პარლამენტში.