მთავრობამ "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებს მხარი დაუჭირა

მთავრობამ "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

"საგადასახადო კოდექსში" შეტანილი ცვლილებები ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა გააცნო. მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირის მიერ ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება. ასევე ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელი ბინის თუ ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად, ასევე 5%-ით დაიბეგრება.

გარდა ამისა, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, ცვლილებებით მნიშვნელოვნად მცირდება ჯარიმები და საურავები, რომელიც დღეს არის გათვალისწინებული საგადასახადო კანონმდებლობაში. "შეღავათები გათვალისწინებულია ასევე ავტოიმპორტიორებისთვის. კერძოდ კი, განბაჟების ვადებთან დაკავშირებით დაკისრებული ჯარიმების ამნისტია მოხდება, ასევე განბაჟების ვადა 60 დღემდე გახანგრძლივდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.