აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 300-მდე დასაქმებულ კადრს გადაამზადებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 2015 წელს 300-მდე დასაქმებულ კადრს გადაამზადებს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2015 წლის ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უფასო გადამზადების კურსები მარტი-აპრილის თვეში უკვე ჩაატარა. "ამ ეტაპზე აჭარის კერძო ტურისტულ ობიექტებში 155 დასაქმებული კადრი გადამზადდა. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები სერვისის სხვადასხვა მიმართულებით დაიგეგმა. მასში ჩართული იყო განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული სააგენტოების როგორც მმართველი, ისე საშუალო რგოლი. წლევანდელი ტრენინგების სიახლეს წარმოადგენდა უცხოეთიდან ტრენერების მოწვევა (კანადა, თურქეთი, გერმანია) და საერთაშორისო სტანდარტების ირგვლივ არსებული ცოდნის გაზიარება", - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უფასო გადამზადების კურსებში წელს ასევე პირველად ჩაერთო საერთაშორისო ორგანიზაცია "Mercy Corps" და სურსათის ეროვნული სააგენტო.  "მათ მიერ კვების ობიექტების წარმომადგენლებისათვის ჩატარებული პრეზენტაციები საქართველოში სურსათის უვნებლობის კუთხით სიახლეებისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში არსებული რეგულაციების გაცნობას ითვალისწინებდა", - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2014 წელს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ 220 ადამიანი გადამზადდა. 2015 წლის ბოლომდე ტურიზმის დეპარტამენტის აღნიშნულ პროექტში ტურიზმის სფეროში დასაქმებული 300-მდე კადრი ჩაერთვება.