საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი 28 %-ით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-მარტში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ექსპორტი 28%-ით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2015 წლის იანვარ-მარტის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2015 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2279 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10%-ით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 503 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (28 %-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1776 მლნ აშშ დოლარს (3 %-ით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-მარტში 1273 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 56 % შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 637 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0,4 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 170 მლნ აშშ დოლარი იყო (21 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 467 მლნ აშშ დოლარი (5 %-ით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28% შეადგინა, მათ შორის, ექსპორტში 34 % და იმპორტში 26% (2014 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 25, 20 და 27 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 23% (2014 წლის იანვარ-მარტში 31 პროცენტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-მარტში 675 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 25 %-ით ნაკლები). აქედან ექსპორტი 175 მლნ აშშ დოლარი (55 %-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 500 მლნ აშშ დოლარი იყო (2 %-ით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 30 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 35 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი (2014 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 36, 56 და 28 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-მარტში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 26 პროცენტი (2014 წლის იანვარ-მარტში 10 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-მარტში 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 % შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (361 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (214 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (192 მლნ აშშ დოლარი).

საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 61 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 12% შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა, 58 მლნ აშშ დოლარი და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12% შეადგინა. მესამე ადგილზე თხილის და სხვა კაკლის ჯგუფმა გადმოინაცვლა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 52 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 10% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-მარტში ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იყო, რომლის იმპორტმა 150 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8% შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 135 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 129 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7%).