"მთავარი მილიონერობა კი არა, მილიონერივით ცხოვრებაა"

მხატვრის გარდაცვალების შემდეგ ისიც გაირკვა, რომ თურმე, მილიონერი კი არა, მილიარდერი ყოფილა

სულ ცალ ფეხზე მკიდია, ოდესმე მილიონერი გავხდები თუ არა, რადგან მთავარი მილიონერობა კი არა, მილიონერივით ცხოვრებააო, მიაჩნდა საფრანგეთში მოღვაწე სახელგანთქმულ ესპანელ მხატვარსა და მოქანდაკეს, კუბიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელს, პაბლო პიკასოს (1881-1973 წ.წ.) და ძირითადად, ასეც ცხოვრობდა.  მხატვრის გარდაცვალების შემდეგ ისიც გაირკვა, რომ თურმე, მილიონერი კი არა, მილიარდერი ყოფილა და მისი დანატოვარი მემკვიდრეობის ბედის გადაწყვეტა სულ მცირე, ორმოცდაათ ადამიანს მაინც - ადვოკატებს, ხელოვნებათმცოდნეებს, რამდენიმე სამინისტროს ჩინოვნიკს და პირადად საფრანგეთის პრეზიდენტსაც კი მოუხდა.

უსაზღვრო ნიჭიერებასთან ერთად, პიკასო ყველა დროის ყველაზე პროდუქტიული მხატვარიც იყო და ეს თვისება თითქმის სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. ასე რომ, მისი წარმოუდგენლად მრავალრიცხოვანი ნამუშევრების ზუსტი რაოდენობის დადგენა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგღა მოხერხდა. თანაც, ეს პროცესი მთელი ექვსი წელი გაგრძელდა და საბოლოოდ, მიღებული სია სამხატვრო კატალოგზე მეტად, გინესის რეკორდების წიგნში შესატან ჩანაწერს მოგაგონებდათ. პიკასოს 8974 ნახატი, 1228 ქანდაკება, 30 ათასი გრაფიკული ნამუშევარი, 150 ჩანახატის ალბომი და 3 222 კერამიკის ნაკეთობა დარჩა. ამას ისეთი "წვრილმანებიც" უნდა დაემატოს, როგორებიც საფრანგეთის სხვადასხვა კუთხეში გაბნეული ორი ციხე-დარბაზი, სამი სახლი, ბინები, სახელოსნოები, ფასიანი ქაღალდები, სხვა მხატვრების ნამუშევრების სერიოზული კოლექცია, 1 მილიონი ფრანგული ფრანკი და 6 მილიონი ფრანკის ღირებულების ოქროა. ერთი სიტყვით, ეს ალბათ, არა მარტო ყველაზე დიდი, არამედ - უგუნურებამდე უცნაური მემკვიდრეობაცაა, რომელთანაც კი საფრანგეთის სახელმწიფოს ოდესმე საქმე ჰქონია.

პიკასო ბავშვობიდანვე თითქმის შეუსვენებლად ხატავდა (სხვათა შორის, მამამისმა, რომელიც ასევე მხატვარი იყო, მისი ნამუშევრების ნახვისთანავე პალიტრა და ფუნჯები გადაულოცა და დაიფიცა, რომ თვითონ აღარასოდეს დახატავდა) და ყოფითი ცხოვრებისთვის დრო თითქმის არ რჩებოდა. თუმცა, ამას მისთვის ოდესმე არც გამაოგნებელი პრაქტიკულობის, არც საღი აზრის, არც ზოგჯერ სადიზმამდე მისული ღვარძლიანობისა და განებივრებული ექსცენტრიკოსის კარგად გათვლილი ჩვევების შენარჩუნებაში შეუშლია ხელი. ყოველ სახლში, რომელსაც მხატვარი ერთდროულად საცხოვრებლად და სამუშაოდ ყიდულობდა, მხოლოდ მანამდე რჩებოდა, სანამ მზა ნამუშევრებით ბოლომდე არ გამოტენიდა. ამის შემდეგ ფაქტობრივად, საწყობად გადაქცეული სახლის კარს მშვიდად გამოკეტავდა ხოლმე და ახლის ძებნას იწყებდა.

ერთ-ერთი სახლიდან კი მაშინვე გაიქცა, როგორც კი შენიშნა, რომ გვერდით თანამედროვე მშენებლობა იწყებოდა. უამრავი ნახატით, სიგარეტის ნამწვით, პირადი ნივთითა და აქეთ-იქით დაუდევრად მიმოფანტული ფულის კუპიურებით გადავსებული სახლი კი წლების განმავლობაში თითქმის უსინათლო ერთადერთი მცველის ამარა ისე იყო მიტოვებული, რომ მისი გაქურდვა ერთხელაც არავის უცდია.

პიკასოს საკუთარი ნახატების გაყიდვა საშინლად არ უყვარდა და ყოველთვის მათ შენახვას ამჯობინებდა, თუმცა, თავად შენახვის პროცესი ფრიად ორიგინალურად ჰქონდა წარმოდგენილი და ამიტომაც, თუ დასრულებულ ნამუშევრებს ალალბედზე გამოკეტილ სახლებში მაინც ტოვებდა, ესკიზებს კიდევ უფრო დაუდევრად ექცეოდა და ხშირად სასმლის გამოუცლელი ბოთლების საცობებადაც კი იყენებდა. სამაგიეროდ, სხვა მხატვრების შემოქმედებას ექცეოდა გულისხმიერად, თანამედროვე ფერწერის საკმაოდ კარგი კოლექციაც ჰქონდა შეგროვილი და ბანკის სეიფში ინახავდა.

ყველაფერში ქაოსისა და უწესრიგობის შემტან ექსცენტრიკულ მხატვარს ინტიმური ცხოვრებაც სრულიად ქაოსური ჰქონდა. უამრავი ქალის გულის მოგება და დაწვრილშვილებაც კი მოასწრო. ბოლოს, 79 წლის ასაკში დაქორწინდა. ასე რომ, მისი ნაბოლარა შვილი და შვილიშვილი - პალომა და პაბლიტო ამ ქვეყანას თითქმის ერთდროულად მოევლინენ.

მხატვარი ოფიციალურად ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ცოლი, რუსი მოცეკვავე, ოლგა ხოხლოვა 1918 წელს, დიაგილევის დასში აღმოაჩინა. ამ ქალთან პიკასოს ერთადერთი კანონიერი შვილი - პაულო ჰყავდა. მხატვარი ოლგა ხოხლოვას 1935 წელს გაშორდა, მაგრამ მის გარდაცვალებამდე ქორწინება ოფიციალურად არ გაუუქმებია, რასაც მოუცლელობასა და დაუდევრობას აბრალებდა. სინამდვილეში კი ამას მხოლოდ ფრანგული კანონმდებლობის გამო არ აკეთებდა, რომლის თანახმადაც, განქორწინების შემთხვევაში, მეუღლეებს შორის ქონება თანაბრად უნდა განაწილებულიყო. ანუ პიკასოს ყოფილი ცოლისთვის 1918 წლიდან დაგროვილი ქონების ნახევარი უნდა დაეთმო. ასე რომ, ოფიციალურად ოლგა ხოხლოვას მეუღლედ რჩებოდა, სატრფოებს კი უწინდელივით ლამის ერთმანეთის მიყოლებით იცვლიდა. ორმა მათგანმა - მარია ვალტერმა და ფრანსუაზა ჟილომ ქალ-ვაჟი გაუჩინეს. ოლგა ხოხლოვას შემდეგ პიკასო ოფიციალურად 1961 წელს, ჟაკლინ როკეზე დაქორწინდა და ამ ქალს სიცოცხლის ბოლომდე აღარ დაშორებია. ჟაკლინთან მხატვარს შვილები არ ჰყოლია.

პაბლო პიკასოს ანდერძი არ დაუტოვებია, რადგან 91 წლისაც 20 წლის ყმაწვილივით დაუდევარი იყო და არათუ საკუთარი ქონების, მასზე დამოკიდებული ადამიანების ბედსაც არაფრად აგდებდა. მეტიც, სიკვდილის შემდეგ მათთვის პრობლემების შექმნა მგონი, ერთგვარად ართობდა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ერთხელ თავისი მეგობრისა და საქმეთა რწმუნებულის, როლან დიუმასთვის ნამდვილად ღვარძლნარევი სიამოვნებით უთქვამს, ჩემი სიკვდილისთანავე ისეთი ალიაქოთი ატყდება, მთელი ცხოვრება რომ არ გინახავსო და ცამდე მართალიც აღმოჩნდა. პიკასოს ქონება რომ უზარმაზარი იქნებოდა, ამაზე არავინ დავობდა, მაგრამ მისი რეალური მასშტაბები თურმე, თვით სამხატვრო ექსპერტებსა და საგადასახადო ინსპექციასაც კი ვერ წარმოედგინათ. საგადასახადო ინსპექცია ვახსენეთ და აქვე ისიც უთუოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ საფრანგეთის მთავრობამ, რომელსაც პიკასოს სიცოცხლეში მისი ერთი ნამუშევარიც კი არ შეუძენია, მხატვრის გარდაცვალებისთანავე მისი მემკვიდრეობისადმი ცხოველი ინტერესი გამოიჩინა, რაც გასაკვირი სულაც არ იყო, რადგან კანონით, ქვეყნის საგადასახადო უწყებას პიკასოს მთელი ქონების 20% ეკუთვნოდა. მისი გამოთვლა და, მით უმეტეს, მიღება კი ძალიან გაჭირდა, რადგან მხატვრის ქონებას ძირითადად ხელოვნების ნიმუშები წარმოადგენდა, რომლებიც არასდროს არავის აღუწერია და შეუფასებია. თანაც, ისინი მთელ საფრანგეთშიც, დაახლოებით ათ სახლში მაინც იყო გაბნეული.

მაგრამ სახელმწიფომ შესაშური ოპერატიულობაც გამოიჩინა და პიკასოს ქონების განმკარგველად საკუთარი წარმომადგენელი, რწმუნებული პიერ ცეკრი დანიშნა, რომელსაც ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველასა და ყველაფერზე - პიკასოს საყვარელი ძაღლებით დაწყებული და ექსპერტ-ხელოვნებათმცოდნეებით დამთავრებული - მოუხდა ზრუნვა და ჰონორარის სახით 20 მილიონი ფრანკიც გამოიმუშავა. დაახლოებით ამდენივე მიიღო პარიზელმა გალერისტმა მორის რეიმსმაც, რომელმაც მხატვრის ნამუშევრების გაერთიანებული კატალოგი შეადგინა. პიკასოს ქონების შემფასებლებმა ექვსი წლის განმავლობაში მთელი საფრანგეთი შემოიარეს და ყველა იმ სახლსა თუ ბინაში პირადად შევიდნენ, სადაც თავად პიკასო უკვე წლობით არ იყო ნამყოფი და არც იქ დატოვებული ნამუშევრებით ინტერესდებოდა.

პიკასოს ქონების შეფასების დაწყებიდან ორი წლის შემდეგ საფრანგეთის მთავრობამ ქვეყნის არმიას პიერ ცეკრის განკარგულებაში დაჯავშნული სატვირთო მანქანების ერთი ღამით გადაცემა დაავალა. ამ გზით პიკასოს ნამუშევრების მთელ ქვეყანაში მოგროვება და ეროვნული ბანკის საცავში გადატანა მოხერხდა. მთებად დახვავებული მხატვრის ყველა ქმნილების ერთად ხილვამ აღფრთოვანების ნაცვლად, შიში მოჰგვარა. საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა კი დასკვნის გამოტანა ყველას დაასწრო და განაცხადა, რომ მსგავსი რამ საფრანგეთში აღარასოდეს განმეორდებოდა.

იხილეთ გაგრძელება