ტოპ-10 სექტორი, რომელშიც რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის 1-ელ კვარტალში 496.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის 1-ლი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებს 53.3 პროცენტით აღემატება. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.1 პროცენტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ინვესტორი ქვეყნების პირველ ხუთეულში ხვდება რუსეთიც.

„საქსტატის“ ცნობით, ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ნიდერლანდები - 239.6 მლნ აშშ დოლარით, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია - 63.2 მლნ აშშ დოლარით, მესამეზე აშშ - 54.7 მლნ აშშ დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი თურქეთი და რუსეთი იკავებენ, საიდანაც შესაბამისად, 47 მლნ და 28.2 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, საქმიანობის რა დარგებში ჩაიდო ინვესტიცია რუსეთიდან საქართველოში. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, ყველაზე მეტი - 13,328 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების დარგში.

სექტორები, სადაც რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა 2023 წლის 1-ელ კვარტალში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 13 328 200 აშშ დოლარი;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 4 554 000 აშშ დოლარი;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 679 000 აშშ დოლარი;
  • მშენებლობა - 2 202 100 აშშ დოლარი;
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 1 284 600 აშშ დოლარი;
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - 1 185 500 აშს დოლარი;
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 678 400 აშშ დოლარი;
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 635 400 აშშ დოლარი;
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 236 500 აშშ დოლარი;
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 170 600 აშშ დოლარი.

თაია არდოტელი