მსოფლიოს საუკეთესო რეპუტაციის კომპანიად BMW დასახელდა

კონსალტინგური კვლევითი კომპანია Reputation Institute-ის გამოკითხვა მსოფლიოს 15 ქვეყანაში ჩატარდა

გერმანული ავტოკონცერნი BMW მსოფლიოს საუკეთესო რეპუტაციის მქონე კომპანიად დასახელდა.

კონსალტინგური კვლევითი კომპანია Reputation Institute-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, საუკეთესო რეპუტაციის მქონე კომპანიებს შორის მეორე პოზიცია დაიკავა ინტერნეტ გიგანტმა Google, მესამე პოზიციაზე კი კიდევ ერთი ავტოკონცერნი - Daimler აღმოჩნდა.

რეიტინგის პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ “როლექსი”, ”ლეგო ჯგუფი”, ”უოლტ დისნეი”, ”ქენონი”, ”სონი”, Apple და Intel.

Reputation Institute  კვლევას მსოფლიოს 15 ქვეყანაში - ბრაზილია, ავსტრალია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, იტალია, იაპონია, მექსიკა, რუსეთი, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ - ატარებს.

გამოკითხვაში მონაწილე რესპონდენტებმა უნდა ჩამოთვალონ მათთვის ნაცნობი კომპანიები და აღნიშნონ, ენდობიან და მოწონთ თუ არა ეს კომპანიები. გამოკითხვაში მონაწილეობა 60 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

გასულ წელს რეიტინგის ხუთეულში იგივე კომპანიები იყვნენ, თუმცა საუკეთესო რეპუტაციის მქონე კომპანიად 2014 წელს Google დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო რეპუტაციის მქონე კომპანიების რეიტინგში დასახელებულ 20-ზე მეტ კომპანიას საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა აქვს, მათ შორის BMW-ს, რომელსაც ”ომეგა მოტორსი” წარმოადგენს.