”გლდანის შაურმას" ადამიანების გარდა, რობოტებიც მოამზადებენ

გერმანულ-თურქული კომპანიის მიერ წარმოებული ტექნოლოგიის საშუალებით, მომსახურება უფრო სწრაფი და ხარისხიანი იქნება.

”გლდანის შაურმის" ფილიალებში მომხმარებელს მომსახურე პერსონალის გარდა, ახლა უკვე რობოტებიც მოემსახურებიან. როგორც bpn.ge-ს ”გლდანის შაურმის" დირექტორმა ზვიად ედიშერაშვილმა განუცხადა, გერმანულ-თურქული კომპანიის მიერ წარმოებული ტექნოლოგიის საშუალებით, მომსახურება უფრო სწრაფი და ხარისხიანი იქნება.

”მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა და უფრო ხარისხიანი შაურმის გასაკეთებლად შემოვიტანეთ რობოტები, რომლებიც სენსორებზე მუშაობენ. მათი დახმარებით ხორცი უფრო სწრაფად იჭრება და იწვება. გამორიცხულია, რომ ხორცი არასაკმარისად შემწვარი ან პირიქით, ზედმეტად შეუმწვარი იყოს. რობოტი აკეთებს ისეთ რაღაცებს, რასაც ადამიანი ვერ გააკეთებს", - გვითხრა ზვიად ედიშერაშვილმა.

მისი თქმით, იგეგმება ”გლდანის შაურმის" გაფართოება და ახალი ფილიალების გახსნა ქუთაისში. კითხვაზე, რობოტების შემოყვანა ხომ არ გამოიწვევს მომსახურე პერსონალის შემცირებას, ობიექტის დირექტორი აცხადებს, რომ ეს თანამშრომლების რაოდენობაზე არ აისახება. ”ასე ნამდვილად არ იქნება. რობოტები დავამატეთ არა იმიტომ, რომ ჩვენი თანამშრომლები შეგვემცირებინა, არამედ პირიქით, ეს თანამშრომლები გადანაწილდნენ სხვადასხვა პოზიციებზე და არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე", - განაცხადა ზვიად ედიშერაშვილმა.