თამაზ შოშიაშვილი: 2014 წელს თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული 55 მილიონი ლარი ვერ დაიხარჯა

2014 წელს თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული 55 მილიონი ლარი ვერ დაიხარჯა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა თამაზ შოშიაშვილმა განუცხადა.

თბილისის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელმაც 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში განიხილა. საკითხის განხილვას სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. ოპოზიციურმა დეპუტეტებმა კი საკითხს მხარი არ დაუჭირეს. 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა თამაზ შოშიაშვილმა. მისი თქმით, დავით ნარმანიას არჩევის შემდეგ ბიუჯეტის სეკვესტრი ორჯერ განხორციელდა, ანუ ბიუჯეტი შემცირდა და დაკორექტირდა. მისივე განცხადებით, ბოლო ცვლილება გასული წლის დეკემბრის დასაწყისში მოხდა.

"ნარმანიამ და მისმა გუნდმა ამ ცვლილებების მიუხედავად, ბიუჯეტის შესრულება ვერ შეძლეს და ვერ დახარჯეს ბიუჯეტით გამოყოფილი თანხები. კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და გზების მშენებლობისათვის გამოყოფილი 18,5 მილიონი ლარის ათვისება ვერ მოხერხდა. მიუხედავად პირდაპირ გაფორმებული კონტრაქტებისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ასევე საყურადღებოა, რომ სოციალური ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხები არ დაიხარჯა. კერძოდ ერთჯერადი დახმარებისთვის გათვალისწინებული თანხებიდან 4 მალიონი ლარის გახარჯვა არ მოხდა, ეს იმ მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, რომელიც დედაქალაქშია. აბსოლუტურად გაუგებარია, რომ ნარმანიას ხელისუფლებამ სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი თანხები ვერ დახარჯა", - აღნიშნა თამაზ შოშიაშვილმა.

მისივე თქმით, სეკვესტრის მიუხედავად, 2014 წელს თბილისელებისათვის 55 მილიონი ლარის დახარჯვა ვერ მოხერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მხარი არ დაუჭირეს.