”მომსახურების სააგენტომ საქართველოში უკანონოდ შემოტანილი Iphone 5 ფინანსთა და შს სამინისტროებს უსასყიდლოდ გადასცა”

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანილი ნივთები და ოქროს ნაკეთობები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას უსასყიდლოდ გადასცა, ან მისი რეალიზაცია ინტერნეტ-აუქციონის გარეშე მოახდინა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2012-2013 წლებში მომსახურების სააგენტომ სავაჭრო მაღაზიების მეშვეობით 2,143,668 ლარის ღირებულების პროდუქციის რეალიზაცია განახორციელა, მათ შორის 2012 წელს – 695,352 ლარის, 2013 წელს კი – 1,442,316 ლარის. "2013 წლის 26 აგვისტოს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულია საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანილი 80 ცალი მობილური ტელეფონი – Iphone 5 და ერთი ცალი პლანშეტური კომპიუტერი IPAD. 80 ცალი მობილური ტელეფონიდან 63 ერთეული უსასყიდლოდ გადაცემულია სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის: ფინანსთა სამინისტროსთვის 19 ცალი; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისათვის 20 ცალი; შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 20 ცალი; მომსახურების სააგენტოსათვის 2 ცალი; ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურისათვის 2 ცალი, ხოლო დარჩენილი 17 ერთეული რეალიზებულია სავაჭრო მაღაზიის მეშვეობით (ერთეულის ღირებულება 1,000 ლარი) ისე, რომ მობილური ტელეფონები არ გასულა ინტერნეტ-აუქციონზე", - ნათქვამია ანგარიშში.

აუდიტორების განმარტებით, ინტერნეტ-აუქციონზე გატანის გარეშე, სავაჭრო მაღაზიის მეშვეობით არის რეალიზებული ასევე ოქროს ნაკეთობები. "საქართველოს ფინანსთა მინისტრის #771 ბრძანებით 273 დამტკიცებული წესის შესაბამისად ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი, მაგრამ აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტოს არ უმსჯელია სათანადოდ, თუ განკარგვის რომელი ფორმა იქნებოდა ეკონომიურად გამართლებული", - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.