მაისიდან მაღაზიებში პროდუქტი გაძვირდება

2-3 დღეში თბილისის სუპერმარკეტებში თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი გაძვირდება. მიზეზად მაღაზიების მენეჯერები ლარის დაღმავალ კურსს ასახელებენ. სავაჭრო ობიექტების უმეტეს ნაწილში აცხადებენ, რომ დისტრიბუციის სამსახურებმა პროდუქტის მორიგი გაძვირების შესახებ წინასწარ გააფრთხილეს. სუპერმარკეტების მენეჯერთა ინფორმაციით, სავალუტო კრიზისის გამო მაღაზიების ბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა და მისი რენტაბელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

მაღაზიებში აცხადებენ, რომ მუშაობის ტემპის მეტ-ნაკლებად შენარჩუნებას იაფფასიანი პროდუქტის გაყიდვით ახერხებენ. რაც შეეხება ძვირიან საქონელს, რამდენიმე მათგანი რეალიზაციიდან საერთოდ ამოიღეს, რადგან აღარ იყიდება და თაროებზევე ძველდება.

"ბი მარტში" ადასტურებენ, რომ ლარის გაუფასურების გამო ფასების კორექტირება კიდევ ერთხელ მოუწევთ. მაღაზიის მენეჯერის, ლალი სულხანიშვილის ინფორმაციით, რეალიზაციამ თითქმის ყველა სეგმენტში იკლო, ხოლო ქიმიური საქონლის გაყიდვა საერთოდ გაჩერდა. "სუპერმარკეტს ბრუნვა შეუმცირდა, რაც დღევანდელ სიტუაციაში ბუნებრივია. ეროვნული ვალუტა პოზიციას განუწყვეტლივ თმობს და ყველაზე მეტად ეს მოსახლეობის შემოსავალზე აისახება. მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის საგანგაშო, ძირითადი პროდუქტების რეალიზაციის ხარჯზე სტაბილურობას მეტ-ნაკლებად ვინარჩუნებთ. პური, შაქარი, სიგარეტი და სასმელი მაინც იყიდება, ხოლო ქიმიური საქონლის სექცია უკვე ვერ მუშაობს. რაც იყიდება, ძირითადად, იაფფასიანი პროდუქტია. მაგალითად, ურჩევნიათ 2 ლარად იყიდონ დაბალი ხარისხის ზეთი, ვიდრე უკეთესი, მაგრამ ძვირი. შედარება აქაც პირობითია, მაღაზიას მაინც ჰყავს ისეთი მომხმარებლები, რომლებიც საერთოდ არ უყურებენ ფასს. საფასო კორექცია ბოლოს 2 კვირის წინათ მოვახდინეთ. ამჯერად დისტრიბუტორებმა გაგვაფრხთილეს, რომ მაისიდან პროდუქტს მომატებული ფასით შემოიტანენ. რაც უნდა ვეცადოთ, გაძვირება მოგვიწევს", - აცხადებს ლელა სულხანიშვილი.

ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობს "ჰაუს მარკეტის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირინა შავერდაშვილი. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, თითქმის ყველა პროდუქტის რეალიზაცია შემცირდა. "პრობლემა მაღაზიის ყველა სექციას აქვს, რადგან გაყიდვამ ყველაფერზე თანაბრად იკლო. ცხადია, ბრუნვაზე ამან უარყოფითად იმოქმედა. კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავს შევიკავებ, ფაქტია, რომ მოსახლეობა მსყიდველუნარიანი აღარ არის. უმეტესად ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის შეძენას ცდილობენ, თანაც, მიზერული რაოდენობით, მომხმარებლის მხრიდან რომელიმე პროდუქტის დიდი მარაგით ყიდვა წარმოუდგენელია, ხალხი საკვებს აუცილებელი საჭიროების მიხედვით ყიდულობს",- ამბობს შავერდაშვილი.

სუპერმარკეტ "მარისას" თანამშრომლის ინფორმაციით, თვენახევარია, რაც მაღაზიას ამა თუ იმ პროდუქტის გაძვირება სისტემატურად უწევს."სავაჭრო სექტორში კრიზისი აშკარაა. არასახარბიელო სიტუაციაში ვართ. იმის გამო, რომ ძვირადღირებული პროდუქტის მომხმარებელი დავკარგეთ, რეალიზაციიდან გარკვეული საქონელი ამოვიღეთ კიდეც, მაგალითად, ძვირიანი კონიაკი. იაფსა და საშუალოფასიანს მყიდველი ჯერ კიდევ ჰყავს. ბოლო პერიოდში ლუდი და სპირტიანი სასმელები გაძვირდა, რეალიზაციაზე ამანაც იმოქმედა," - ამბობს მაღაზიის თანამშრომელი.

ბრუნვის შემცირება დაადასტურა "ჯი ელ სუპერმარკეტმაც", თუმცა მაღაზიის მენეჯერის სამსახურმა არსებულ პრობლემებზე ვრცლად საუბრისგან თავი შეიკავა. მაღაზია "არანისის" წარმომადგენელთა ინფორმაციით, დისტრიბუტორებს პროდუქტის ნაწილი მომატებულ ფასში შემოაქვთ: "ყოველდღიურად იცვლება ფასი, დისტრიბუტორები ხან რას გვიძვირებენ, ხან რას. ჯერ კიდევ არის რამდენიმე დასახელების პროდუქტი, რაზეც ფასი შენარჩუნდა. ეს უფრო ადგილობრივი წარმოების სურსათს ეხება, იმპორტულის ფასმა თითქმის ყველა სეგმენტში მოიმატა".

მომხმარებლის უკმაყოფილებაზე საუბრობს ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტის მენეჯერი. ლევან ფაილოძის აზრით, არსებული ფასი ორ დღესაც ვერ გასტანს.

"ფასი მაღლა იწევს, რეალიზაცია კი გვიმცირდება. ხალხი მაქსიმალურად ცდილობს იაფ პროდუქტებზე გადავიდეს. ძვირიანი საკვები თითქმის აღარ იყიდება. მომხმარებელიც უკმაყოფილოა და ჩვენც. მარტო უცხოური ნაწარმი არ ძვირდება, ადგილობრივზეც მატულობს ფასი. ახლაც იმაზე ვმსჯელობთ, რა მაჩვენებლით შევძლებთ საკვებისა და საყოფაცხოვრებო საქონელზე ფასის შენარჩუნებას. ფასის მხრივ უკვე მაისიდან მომხმარებლისთვის სხვა შემოთავაზება გვექნება. ლარის კურსმა სტაბილურობის შეგრძნება დაგვიკარგა", - უთხრა "რეზონანსს" ლევან ფაილოძემ.

"ახალი პარტიის შემოსატანად ვემზადებით. ცხადია, მისი შესყიდვა არსებული ფასით არ მოხდება და გარკვეული პროდუქტის გაძვირება მოგვიწევს. ჯერჯერობით მიჭირს დაკონკრეტება, რა შეიძლება გაძვირდეს და რა - არა, გააჩნია, დისტრიბუტორები რა ფასად შემოგვთავაზებენ პროდუქტს. შევეცდებით, გაძვირება მყიდველისთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს. ფასის ნებისმიერ დონეზე ცვლილება უკმაყოფილებას ყოველთვის გამოიწვევს, მაგრამ სხვა გამოსავალი არც ჩვენ გვაქვს", - ამბობს ლია კასრაშვილი, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის მენეჯერი.

სავაჭრო სექტორში არსებულ პრობლემაზე მეტყველებს გარეუბნებსა თუ თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე მაღაზიების დახურვის ფაქტები. განსაკუთრებით წვრილ მეწარმეებს უჭირთ. ამასობაში კი ლარის კურსი დაღმა ეშვება და ამ პროცესის დასამუხრუჭებლად მთავრობას ძალა არ ჰყოფნის!

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"