”აშშ არ ეწინააღმდეგება აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის შექმნას”

ბარაკ ობამას თქმით, AIIB პოზიტიური მომენტი იქნება რეგიონისთვის

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, აშშ არ ეწინააღმდეგება ჩინეთის ინიციატივას, აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის (AIIB) შექმნის თაობაზე. ამის შესახებ ბარაკ ობამამ თეთრ სახლში, იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ობამას თქმით, AIIB პოზიტიური მომენტი იქნება რეგიონისთვის, თუ ბანკი სხვადასხვა პროექტებისთვის მაღალ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მისივე განცხადებით, თანხები შესაძლოა არასწორად იქნას გამოყენებული, თუ ნაკლებ გამჭვირვალობას ექნება ადგილი. ”აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის ამოქმედება პოზიტიური მომენტი იქნება. თუმცა, თუ ბანკის საქმიანობა კარგად არ წარიმართება, ეს შესაძლოა, ნეგატიური აღმოჩნდეს”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკში საქართველო გასულ თვეს გაწევრიანდა. საქართველოს გარდა, AIIB-ის ფონდის წევრები გახდნენ ბრაზილია, ფინეთი, დანია და ნიდერლანდები. აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტირების ბანკის წევრობაზე განაცხადი 50-ზე მეტ ქვეყანას აქვს შეტანილი. აზიურ ბანკს, მსოფლიოში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის კონკურენტს უწოდებენ. ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის ჯეიკობ ლოუს განცხადებით, არსებულ საფინანსო ინსტიტუტებს ნდობის დაკარგვა ემუქრებათ. სავალუტო ფონდის მმართველმა, კრისტიან ლაგარდმა კი განაცხადა, რომ ფონდი მზად არის AIIB-თან სათანამშრომლოდ.

იაპონიაში აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი (AIIB) 2014 წელს დაარსდა. მისი მიზანია, აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. საინვესტიციო ფონდის კაპიტალი 100 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო პირველადი აქციონერული კაპიტალი – 50 მილიარდ დოლარს. ბანკის შტაბ-ბინა, რომელიც 2015 წელს უნდა გაკეთდეს, პეკინში იქნება განთავსებული.