დოლართან მიმართებაში მეზობელი ქვეყნის ეროვნული ვალუტებიც უფასურდება

ლარის გაუფასურების პარალელურად, დოლართან მიმართებაში რყევას განაგრძობს მეზობელი ქვეყნების ეროვნული ვალუტებიც.

დღევანდელი მონაცემებით (2014 წლის სექტემბერის მონაცემებთან შედარებით), რუსული რუბლი 31%-ით არის გაუფასურებული, უკრაინული გრივნა - 68% -ით. შედარებით სტაბილიზაციის ტენდენციით ხასიათდება სომხური დრამი, რომელიც მხოლოდ 16%-ით არის გაუფასურებული, ხოლო აზერბაიჯანული მანათი (34%), თურქული ლირა (17%) და ლარი (32%) გაუფასურებას კვლავ განაგრძობენ.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 24 თებერვლისთვის, 2014 წლის სექტემბერთან შედარებით, თურქული ლირის 11%-ით, რუსული რუბლის 66%-ით, აზერბაიჯანული მანათის 32%-ით (აზერბაიჯანული მანათი ერთ ღამეში 34%-ით გაუფასურდა), სომხური დრამის 18%-ით, ლარი 26.%-ითა და უკრაინული გრივნას 107%-ით გაუფასურება დაფიქსირდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ეკონომიკური ანალიტიკოსის ნუცა თოხაძის ინფორმაციით, საქართველოში ექსპორტის ზრდის ტემპის კლება ივნისიდან ფიქსირდება. მაისში 12%-იანი ზრდა მოხდა, ივნისში-5%-იანი, ივლისში-3%-იანი, ხოლო აგვისტოში კი უკვე 12%-იანი კლება დაფიქსირდა და მას შემდეგ ექსპორტი სულ კლების ტენდენციით ხასიათდება.

ნუცა თოხაძის თქმით, 2015 წლის იანვარი-მარტის მდგომარეობით ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით შემცირდა, რაც დიდი მაჩვენებელია და ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას მნიშვნელოვნად აფერხებს. რაც შეეხება იმპორტს, რომელიც უცხოური ვალუტის გადინების წყაროა, მისი კლების ტენდენცია მხოლოდ 2015 წლის იანვრიდან დაიწყო და პირველი კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 3%-ით შემცირდა. ამ მონაცემებიდან უკვე ჩანს, რომ უცხოური ვალუტის მიწოდება-მოთხოვნას შორის დიდი დისბალანსია, რასაც სხვა წყაროებიდან (ტურიზმი, ინვესტიციები, გზავნილები და საგარეო ვალი) მიღებული სავალუტო შემოდინებები ჯერჯერობით ვერ აბალანსებს, რაც შესაბამისად იწვევს ლარის გაუფასურებასაც.

"უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული ეს დისბალანსი მართალია გარკვეულწილად გარე ფაქტორებით არის გამოწვეული, თუმცა ამის ნაწილობრივ გასაბათილებლად მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა აქამდეც შესაძლებელი იყო. ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებული პრობლემები ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა უკვე 5 თვეა. მართალია ამ თემის ირგვლივ ბევრია შეხვედრები და საუბარი, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, თუმცა დღეს ფაქტია, შედეგი არ ჩანს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც სწორად ვერ კეთდება და გაცილებით მეტია სამუშაო ინვესტიციების, ექსპორტის და ტურისტების ზრდის კუთხით, რათა სავალუტო შემოდინებების ზრდა მოხდეს", - აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ეკონომიკური ანალიტიკოსი ნუცა თოხაძე.