კონკურენციის სააგენტომ 2014 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

კონკურენციის სააგენტომ 2014 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. კონკურენციის სააგენტოს ანგარიში სააგენტოს, მისი საქმიანობის, მოკვლევისა და მონიტორინგის, რეკომენდაციების, საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

ანგარიშის თანახმად, 2014 წლის 12 ნოემბერს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სააგენტომ საკუთარი ინიციატივით ნავთობპროდუქტების ბაზრის (ბენზინი, დიზელი, ნავთი) მოკვლევა დაიწყო.  "გამოთხოვილ იქნა და დამუშავდა 2008-2014 წლების ინფორმაცია ნავთობპროდუქტების სფეროში მოქმედი 300-ზე მეტი ეკონომიკური აგენტისგან, სახელმწიფო უწყებებისა და სხვა სტრუქტურებისგან. მოკვლევის ფარგლებში, გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია სსიპ შემოსავლების სამსახურისგან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან, მეზობელი სახელმწიფოებიდან და სხვა უწყებებიდან. სააგენტო ეკონომიკური აგენტებისგან ახსნა-განამრტებების მიღებასა და დაოქმებას ახორციელებს. მიმდინარეობს ინფორმაციის საბოლოო შეჯერებისა და ანალიზის პროცედურები", - ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, კონკურენციის სააგენტომ სს "ჯანმრთელობის" განცხადების საფუძველზე, 2014 წლის 12 დეკემბერს დაიწყო საქმის მოკვლევა სს "ბალნეოსერვისის" (წყალტუბოს თერმული წყლების მოპოვებაზე 25 წლიანი ლიცენზიის მქონე კომპანიის) მიერ წყალტუბოს თერმულ-მინერალური წყლების სავარაუდო მონოპოლიზაციის ფაქტზე. "განმცხადებლის პოზიციით, დარღვევა გამოიხატება სს "ბალნეოსერვისის" მიერ აუთვისებელი წყლის რესურსის კონკურენტი კომპანიისათვის გადაცემაზე უარის თქმაში", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, კონკურენციის სააგენტომ შპს "ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია - ფოთის" საჩივრის საფუძველზე, 2014 წლის 29 დეკემბერს დაიწყო საქმის მოკვლევა სსიპ შემოსავლების სამსახურის მხრიდან "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტზე. "განმცხადებლის პოზიციით, დარღვევა გამოიხატება შემოსავლების სამსახურის მიერ შპს "ინლენდ კონტეინერ ტერმინალისათვის" მონოპოლიური მდგომარეობის დაკავების ხელის შეწყობასა და შპს "ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია - ფოთის" საქმიანობის ხელის შეშლაში", - ნათქვამია ანგარიშში.

კონკურნეციის სააგენტომ ფქვილის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტის მოკვლევა დაიწყო. "საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია "გლობალაგროს" განცხადების საფუძველზე 2014 წლის 12 დეკემბრიდან მიმდინარეობს საქმის მოკვლევა კომპანია "კარატ ჰოლდინგის" მიერ საქართველოში შესყიდული 3 კომპანიის (შპს "აგროსისტემები", შპს "კარმენი" და შპს "კარმენი") მხრიდან ხორბლისა და ფქვილის ბაზრის მონოპოლიზაციის ფაქტზე", - ნათქვამია ანგარიშში.

2014 წლის 24 დეკემბერს შპს "ჯორჯიან ტრანს ექსპედიციას" საჩივრის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტომ დაიწყო საქმის მოკვლევა სს "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანიის - შპს "ტრანს კავკასუს ტერმინალსის" მიერ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე. გარდა ამისა, 2014 წლის ნოემბრიდან სააგენტომ საკუთარი ინიციატივით ყავის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.

"შემოსავლების სამსახურიდან და სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციების დამუშავების შედეგად გამოიკვეთა, რომ ყავის ბაზარზე მოქმედებს ათეულობით კომპანია, რომელთაგან 10%-ზე მეტი წილი თითქმის არც ერთ კომპანიას არ გააჩნია. დაბალია ასევე ამ ბაზარზე კონცენტრაციის დონე, რაც, წინასწარი ვარაუდით, უნდა მიანიშნებდეს, რომ კონკურენციის კუთხით ბაზარზე პრობლემა არ არსებობს", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია ცალკეულ პრობლემებთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესახებ.  "აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის წერილისა და LLC ,,Audit end business consulting"-ის მომართვების საფუძველზე კონკურენციის სააგენტოს მიერ განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობის საკითხი. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ კანონმდებლობით არ არის დადგენილი ნუსხაში პირთა შეყვანის კრიტერიუმები, ასევე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტორული მომსახურების ბაზარზე არსებული გარემოს გაჯანსაღებისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვის მიზნით, სააგენტოს მიერ მომზადდა რეკომენდაცია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების თაობაზე, კერძოდ, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს ზოგადი კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში, ყველას ექნება შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლება", - ნათქვამია ანგარიშში.

კონკურენციის სააგენტო აუდიტორული მომსახურების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებითაც რეკომენდაციას ავრცელებს.  "აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის მომართვის საფუძველზე კონკურენციის სააგენტოს მიერ განხილულ იქნა ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონის მიღების შემდგომ პერიოდში პროფესიული აუდიტორული ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში შექმნილი მდგომარეობის (აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციების აკრედიტაციის პროცესში ხელოვნური ბარიერების არსებობის საკითხი) თავსებადობა ,,კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის დირექტიულ მოთხოვნებთან. საკითხის მოწესრიგების მიზნით გაცემულ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები, (მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილების შეტანის კუთხით), რის საფუძველზეც, მოხდა შესაბამის კანონში კონკრეტული ცვლილების შეტანა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გასატარებელი ღონისძიებების ვადა განისაზღვრა", - ნათქვამია კონკურანციის სააგენტოს 2014 წლის საქმიანობის ანგარიშში.