ირაკლი კოვზანაძე სეულში სუვერენული ფონდების აზიის სამიტში მონაწილეობდა

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე სეულში სუვერენული ფონდების აზიის სამიტში მონაწილეობდა.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით,  სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ირაკლი კოვზანაძემ სამიტზე ფონდის სტრუქტურისა და პროექტების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა. მან ასევე საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა. ფონდის განცხადებით, სამიტის მონაწილე სუვერენული ფონდების ხელმძღვანელებს შორის საქართველოს შესახებ ინფორმაციამ დაინტერესება გამოიწვია. მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, როგორც რეგიონში წამყვანი დარგების მიმართ. დაინტერესებული ფონდების ხელმძღვანელები ირაკლი კოვზანაძემ საქართველოში მოიწვია.

"ეს იყო ერთ-ერთი საინტერესო შეხვედრა იმ კუთხით, რომ საქართველოს მიმართ გამოითქვა ინტერესი და გაჩნდა იდეა, რომ მომავალში, ერთ-ერთი ასეთი ფორუმი ჩვენს ქვეყანაშიც ჩატარდეს," - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. ღონისძიების ფარგლებში, საპარტნიორო ფონდთან მომავალი თანამშრომლობისა და ფინანსების დამატებითი რესურსების მოზიდვის მიზნით, ირაკლი კოვზანაძე რამდენიმე საფინანსო და საინვესტიციო ინსტიტუტის ხელმძღვანელს შეხვდა.

ფონდის ინფორმაციით, სუვერენული ფონდების აზიის სამიტი (SWFI Institute Fund Summit Asia 2015), სეულში 27-28 აპრილს გაიმართა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი დონის ბიზნეს ლიდერებს და ინსტიტუციურ ინვესტორებს უმასპინძლა.