ასტროტექი - რატომ დებენ ვენჩურული ინვესტორები მილიონებს ასტროლოგიაში

ხელოვნური ინტელექტი უფრო და უფრო ღრმად აღწევს საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის წინასწარმეტყველების ხელოვნებაში. „კომერსანტის“ ცნობით, ბოლო წლებში ასტროტექნოლოგიური სტარტაპების რაოდენობა და მათში ვენჩურული ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა.

როგორია ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია და ფულის შოვნის ერთ-ერთი ანტიმეცნიერულ გზა?

მომავლის გამოთვლა

ნიუ-იორკში ახალი ღირსშესანიშნაობა გაჩნდა, რომელიც საკულტო მაღაზია Iconic Magazines-ში მდებარეობს. ვიზიტორთა რიგი იქ უკვე ნორმად იქცა. ეს არის წინასწარმეტყველი აპარატი, რომელიც ერთდროულად დიდ სარეცხ მანქანას, კომპიუტერს ან ისეთ რამეს წააგავს, რაც „ვარსკვლავური ომების“ ასოციაციას იწვევს. წინა პანელზე პლანეტების გამოსახულებით არის რამდენიმე ინდიკატორი წარწერებით, „მთვარე,“ „მზე...“ იქვე ფოტოკამერა, პატარა ეკრანი და სეიფის საკეტის მსგავსი დისკია. ამ დისკით 100 კითხვიდან ერთ-ერთის არჩევა არის შესაძლებელი, რომელიც ეკრანზე გამოჩნდება. ამის შემდეგ მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს მისი დაბადების თარიღი, დრო, ადგილი და დაელოდოს. ეკრანზე გამოჩნდება წარწერა, რომ „ყველა პასუხი დაფუძნებულია ასტროლოგიურ გამოთვლებზე.“ შემდეგ მოწყობილობა მომხმარებელს ფოტოს უღებს და რამდენიმე წამში პასუხს ჩეკთან ერთად უბრუნებს.

ზოგიერთ მომხმარებელს გაოცებისგან ეჩვენება კიდეც, რომ მასიური აპარატის შიგნით ვიღაც ზის, სინამდვილეში კი მანქანა ყველაფერს ადამიანის ჩარევის გარეშე აკეთებს. პასუხები GPT-3-ისა და ChatGPT-ის ტექნოლოგიებით გენერირდება.

მოწყობილობა, რომელიც „ასტროლოგიური გამოთვლების“ საფუძველზე მომავალს პროგნოზირებს, ასტროტექნოლოგიურ, ანუ ასტროტექის სფეროში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის, Co-Star-ის შექმნილია. ასტროტექი, რომელიც ასტროლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის ურთიერთშეპისირპირებით მუშაობს, საკმაოდ აქტიურად ვითარდება. ასეთი ინტეგრაცია რამდენიმე წლის წინ, თითქმის, სიგიჟედ ითვლებოდა, მაგრამ ახლა ეს პოპულარული მიმართულებაა თავად ასტროლოგების, მათი კლიენტებისა და, რაც მთავარია, ინვესტორების საკმაოდ ლეგიტიმური დაინტერესებით.

ვარსკვლავები ამბობენ, რომ გამდიდრები

კომპანია, Co-Star „მისტიკური სერვისების ბაზრის“ ტენდენციებს საკმაოდ ზუსტად ასახავს. ბოლო წლებში დასავლეთში მან მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა. ზოგადად, პანდემიის დაწყების შემდეგ გაიზარდა მოთხოვნა და მიწოდება, რასაც ტექნოლოგიური მიღწევები დაემატა, როგორიც არის ღრუბლოვანი გამოთვლები, მონაცემთა დიდი ნაკრების ანალიზი, ხელოვნური ინტელექტი და მანქანათმცოდნეობა. როგორც თავად ასტროლოგები ამბობენ, მათ კლიენტებისთვის „უკეთესი პროდუქტის“ მიწოდების შესაძლებლობა გაუჩნდათ.

შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ასტროლოგი, ჩანი ნიკოლასი ერთ-ერთი პირველია, ვინც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ალგორითმები ჰოროსკოპების შესაქმნელად გამოიყენა. ის ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ჰოროსკოპის ძველ ხელოვნებას უფრო მეტ სიზუსტეს ანიჭებს.

იგივე Co-Star მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ასტროლოგიური აპლიკაციის შემქმნელია. კომპანია 2017 წელს დაარსდა და ორი წლის შემდეგ ორი საკმაოდ სერიოზული ვენჩურული კომპანიისგან, Californian Maveron & Aspect Ventures-ისა და New York 14W-ისგან 5 მლნ დოლარის მიზიდვა მოახერხა. ანარგია ვარდხანა, რომელიც Co-Star-ის ერთ-ერთი ვენჩურული ინვესტორია, თვლის, რომ კომპანიას აქვს პოტენციალი, ისეთივე დიდი მოთამაშე გახდეს, როგორიც არის, მაგალითად, Spotify ან Tinder.

ანალოგიური შედეგები აჩვენეს სხვა ამერიკულმა ასტროტექ-სტარტაპებმაც, როგორიც არის, მაგალითად, აშშ-ში, თითქმის, ყველაზე ჩამოტვირთვადი ასტროლოგიური აპლიკაცია, Sanctuary და Pattern.

ანალიტიკური კომპანია Tracxn-ის მონაცემებით, 2018-იდან 2022 წლამდე ასტროტექის სფეროში მსოფლიოში, სულ მცირე, ხუთი ახალი სტარტაპი გაჩნდა. ეს ტენდენცია ყველაზე აქტიური აშშ-სა და ინდოეთშია. კვლევითი კომპანია, Business Research Insights-ის თანახმად, ასტროლოგიური აპლიკაციების გლობალური ბაზარი 2,065 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც 2027 წლისთვის 7,85 მლრდ დოლარამდე გაიზრდება. ზრდის მთავარი ფაქტორები მილენიალების, ანუ 25-40 წლის ადამიანების ინტერესი, ასევე, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებაა, რაც ამ ინტერესს აღძრავს და, რაც მთავარია, თანამედროვე ასტროლოგების პროდუქტებს ბევრად უფრო საიმედოს ხდის.

მეცნიერული კი არა, არამედ მეტად ხელოვნური

ასტროტექნოლოგიის ბოლო წლების მიღწევებმა უდავოდ შთააგონა როგორც მომსახურების მიმწოდებლები, ასევე, ინვესტორები. ჩატბოტის ტექნოლოგიის გაუმჯობესებით ბაზრის პერსპექტივები კიდევ უფრო საიმედოდ გამოიყურება. ასტროტექის მიღწევები საშუალებას იძლევა, მისი აპლიკაციები მეცნიერ ასტროლოგებს მაქსიმალურად მიუახლოვდნენ.

საუბარია იმაზე, რომ აქამდე ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენება ჰოროსკოპების შედგენითა და „ვარსკვლავების კითხვით“ შემოიფარგლებოდა. აპებს არ შეეძლოთ, მომხმარებლის ღია კითხვებზე გადაჭრით ეპასუხათ ან მისთვის პირადი რჩევა მიეცათ, როგორც ამას მეცნიერი ასტროლოგები აკეთებენ.

წინასწარმეყტყველი მანქანა, რომელიც Iconic Magazines-ში ჯერ კიდევ დგას, Co-Star-ის ახალი სერვისის, აპლიკაცია The Void-ის ერთგვარი რეკლამაა. არსებული აპლიკაციებისგან განსხვავებით, მას შეუძლია, მზა ტექსტების მონაცემთა ბაზის გამოყენებით ღია კითხვებს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტით უპასუხოს.

რა თქმა უნდა, ასტროტექი როგორც მომხმარებლებში, ისე პრაქტიკოს ასტროლოგებში უამრავ კითხვასა და პრეტენზიას აჩენს. პირველს შეიძლება, მოეჩვენოს, რომ მათ კითხვაზე პასუხი, ძირითადად, ფრაზების შემთხვევითი ნაკრებია, ხოლო მეორემ მიიჩნიოს, რომ ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციები შეცდომებით არის დაპროგრამებული.

ნიუ-იორკელი ასტროლოგი, სიუზან მილერი თვლის, რომ ასეთი ტექნოლოგია არ უნდა გამოჩნდეს ისეთ სფეროებში, რომლებიც ადამიანების ემოციებს უკავშირდება.

„მანქანები ხშირად ცდებიან, ადამიანმა კი, რომელიც მცდარ პასუხს იღებს, შესაძლოა, მთელი ცხოვრება ისე განვლოს, რომ ეს არასწორი პასუხი თავიდან ვერ ამოიგდოს,“ - აცხადებს მილერი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ