ჩქაროსნული მაგისტრალის რუისი-აგარას მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რუისი-აგარას 19 კილომეტრიანი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში 8 კილომეტრზე სამუშაოები დასრულდება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება. მათივე ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ ჩქაროსნული მაგისტრალის რუისი-აგარას მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამშენებლო სამუშაოებზე ამ ეტაპზე 350 ადამიანზე მეტია დასაქმებული, საიდანაც უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. რუისი-აგარას 19 კილომეტრიან ორზოლიან მაგისტრალზე 11 კილომეტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია და მოძრაობა გადართულია, სრულად პროექტის ჩაბარება წლის ბოლომდე იგეგმება. პროექტის ღირებულება 71 მილიონ ლარამდეა, დონორი კი მსოფლიო ბანკია.

ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობა ამ ეტაპზე 7 სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარეობს.