ყოფილ პატიმრებს ბიზნესპროექტები დაუფინანსეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბიზნესინიციატივების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ყოფილ პატიმრებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში 17 ყოფილი პატიმრის 16 ბიზნესიდეა დაფინანსდა.  "პროექტის მოცულობა წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2014 წელს ყოფილი პატიმრების 5 ბიზნესიდეა დაფინანსდა. შარშანდელი წარმატებული შედეგების გათვალისწინებით, წელს საკუთარი ბიზნესიდეების რეალიზაციის საშუალება იუსტიციის სამინისტრომ უფრო მეტ ყოფილ პატიმარს მისცა", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, პროექტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" ახორციელებს. ყოფილი პატიმრების ბიზნესიდეები სამი მიმართულებით დაიყო: სოფლის მეურნეობა (მესაქონლეობა, მებოსტნეობა, მებაღეობა, მეფუტკრეობა); წარმოება (თონე, ტანსაცმლის შეკერვა) და მომსახურება (კაფე, ჭრა-კერვა). ჯამში ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების დასაფინანსებლად იუსტიციის სამინისტროს მიერ საგრანტო პროექტში გამოყოფილია ფონდი 56 000 ლარის ოდენობით.

თავდაპირველად კონკურსში მონაწილეობის სურვილი 70-მდე ყოფილმა პატიმარმა გამოთქვა. მათ პირველადი გასაუბრება ბიზნესიდეების შესახებ სპეციალურად შექმნილ საგრანტო კომიტეტთან გაიარეს, სადაც სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" წარმომადგენლები ერთიანდებიან.

ინდივიდუალური ბიზნესიდეის დაფინანსება შესაძლებელი გახდა 500-დან 6 000 ლარის ოდენობით. საგრანტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავიდა 40 აპლიკანტი. მათ ჩაუტარდათ ორდღიანი ბიზნესტრენინგი, შეისწავლეს ბიზნესგეგმის დაწერის მეთოდი და მიიღეს კონსულტაცია როგორც ბიზნესსაქმიანობის, ისე სამართლებრივ საკითხებზე. საგრანტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, წლევანდელი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულად 16 ბიზნესიდეა გამოცხადდა.

სამინისტროს ცნობით, დანაშაულის პრევენციის ცენტრი უკვე ორი წელია, "ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას" ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად; ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა კი საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცულობის წინაპირობაა.