ბიძინა ივანიშვილი: საქართველოს შეუძლია ეკონომიკა უფრო სწრაფი ტემპებით განავითაროს

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ ძირითადი და აუცილებელი გაკეთებულია, ამას უნდა დახვეწა, განვითარება და შენარჩუნება, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ორგანიზაცია "მოქალაქისა" და "საზოგადოება 2030"-ის მიერ ორგანიზებულ ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ეკონომიკა. "გარდა იმისა, რომ ობიექტურად ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, პოლიტიკური ძალები მას სპეკულირებით ხშირად არასწორ დატვირთვას აძლევენ და არასწორი მიმართულებით ანვითარებენ", - განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, კარგი იქნებოდა, რომ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, ბიზნესმენებისა და ეკონომიკაში კარგად ჩახედული ადამიანების პერმანენტული შეკრება მოხდეს. "ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ჩამოყალიბებასა და ხედვებზე. პარალელურად ამ პროცესში რა თქმა უნდა, ვერ ავცდებით და აუცილებლად მოგვიხდება მთავრობის კურსის შეფასება, რამდენად სწორი პოზიცია აქვს ხელისუფლებას ამ და სხვა მიმართულებით, ოღონდ არაპოლიტიზებული პოლემიკა გავმართოთ. ამ მხრივ ჩვენ შეიძლება მივიღოთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, პირველი, რომ კარგად გავიგოთ სტრატეგიულად ეკონომიკა როგორ უნდა განვითარდეს დღეს. მე დარწმუნებული ვარ, თქვენს პოზიციებში ბევრი ახალი აზრი ჩამოყალიბდება და პარალელურად სპეკულაციებსაც ნაწილობრივ მაინც ბოლო მოეღება. ასევე კარგად გავიგებთ, რამდენად სწორ გზას ადგას მთავრობის ეკონომიკური გუნდი", - განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოში არსებული ინსტიტუციური ღირებულებები შესადარებელია ბევრი განვითარებული ევროპული ქვეყნის და ამერიკის შეერთებული შტატების ინსტიტუციურ ღირებულებებთან, ამ დროს, როდესაც საქართველოს ეკონომიკა აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკას ათჯერ მაინც ჩამორჩება.

"მე ვერ ვიხსენებ ქვეყანას, საქართველოს მსგავსს, რომ ასეთი ეკონომიკის მქონე ქვეყანას მსგავსი დემოკრატიული ღირებულების დაფუძნება შეძლებოდეს. ამას, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ღირებულებების გაღრმავება და დახვეწაა საჭირო, რადგან იდეალური არსად არაფერი არის.

როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს შეუძლია ეკონომიკა უფრო სწრაფი ტემპებით განავითაროს. მისივე თქმით, ძირითადი და გადამწყვეტია, რომ ბაზარი იყოს კონკურენტუნარიანი, არ უნდა იყოს ფავორიტი ბიზნესმენი, ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს არც ერთ შემთხვევაში ბიზნესში.  ივანიშვილის თქმით, კანონმდებლობა უნდა იყოს გასაგები და დახვეწილი, ხელისუფლებამ ინფრასტრუქტურა უნდა აუშენოს და განუვითაროს ბიზნესს.

"სხვა დანარჩენი, რაზეც დღეს სპეკულაციები მიდის, რომ ქვეყანამ უნდა დაასაქმოს და დასაქმების პრობლემა ერთ-ერთი ძირითადია, თუ ყველაზე ძირითადი არა ჩვენს ქვეყანაში, ბინზესმა უნდა დაასაქმოს, სახელმწიფომ პირობები უნდა შეუქმნას", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ ძირითადი და აუცილებელი გაკეთებულია, ამას უნდა დახვეწა, განვითარება და შენარჩუნება.