საჯარო მოხელეთა საქმოსანი მეორე ნახევრები

რა ბიზნესი აქვთ მინისტრებისა და დეპუტატების მეორე ნახევრებს

საზოგადოების ყურადღება ხშირად საჯარო მოხელეებზე მეტად, მათი მეორე ნახევრებისკენაა მიპყრობილი, რომლებიც არც ისე ხშირად ჩნდებიან, თუმცა მათ მიმართ ინტერესი არასდროს იკლებს. bpn.ge დაინტერესდა, თუ რას საქმიანობენ საჯარო მოხელეთა მეორე ნახევრები და როგორც მოძიებული ინფორმაციიდან ირკვევა, ზოგიერთი მინისტრის მეუღლე ბიზნესში აქტიურად არის ჩართული.

ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მეორე ნახევარი ანუკი არეშიძე დიზაინერია. ანუკი ადრე მოდელობით იყო დაკავებული, ამჟამად კი საკუთარი სამოდელო სახლი "ანოუკი" აქვს. "ანოუკის" ბრენდი ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს უშვებს. სამოდელო სფეროში ბრენდმა მოღვაწეობა 2013 წლიდან დაიწყო. ბრენდის პირველი მაღაზია თბილისში, 2013 წლის დეკემბერში გაიხსნა. ბრენდის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, "ანოუკის" ბრენდით გამოშვებული ტანსაცმლის ფასი 220 ევროდან იწყება და 650 ევრომდე ადის, ფეხსაცმელი 170 ევროდან 320 ევრომდე ღირს, ხოლო აქსესუარების ფასი 120-150 ევრომდე მერყეობს.

თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრის მინდია ჯანელიძის მეორე ნახევარი, ეკატერინე ჯანელიძე ტურისტული კომპანია "თრეველ პორტის" დირექტორი გახლავთ. კომპანია მსურველებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სამოგზაურო ტურებს სთავაზობს. "თრეველ პორტში" ტურების ფასი 220 დოლარიდან იწყება და 1200 დოლარამდე ადის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის მეუღლე, ნინო სოლოღაშვილი შპს "თემი-გრუპის" პარტნიორია. თუმცა, საჯარო რეესტრში კომპანიაზე ინფორმაცია არ მოიპოვება.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილის მეორე ნახევარი, თეა სანიკიძე შპს "ნიტა პროქიურმენტ გრუპის" პარტნიორია.

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ნათია ხვისტანი შპს "აქცია 94"-ის პარტნიორია. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ნათია ხვისტანი შპს-ის 66%-ს ფლობს.

პარლამენტარ გოგი თოფაძის მეუღლე, მარინა თოფაძე შპს "ყაზბეგი ტობაკოს" პარტნიორია. კომპანია ხუთი დასახელების სიგარეტს უშვებს. საჯარო რეესტრის ინფორმაციის თანახმად, მარინა თოფაძის წილი 1.4%-ია.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის მეუღლე, თინათინ ზალდასტანიშვილი ტურისტული კომპანია "ლევონ თრეველის" დირექტორია.

პარლამენტარ ომარ ნიშნიანიძის მეუღლე ნინო თხელიძე საზოგადოებრივი კოლეჯის "კოლხა 11"-ის დირექტორია.

თაკო ესებუა