საქართველომ ხუთი მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო

რეგიონებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესებისთვის საქართველომ 5 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დღეს საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება, რომელსაც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრო მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ილია დარჩიაშვილი.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი ითვალისწინებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 5 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფას, ქვეყანაში 2014 წლიდან მიმდინარე "რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის" თანმდევი ღონისძიებების დაფინანსებისთვის. "მსოფლიო ბანკი განაგრძობს საქართველოს დახმარებას. მისი მხარდაჭერით საქართველოსთვის მოძიებულ იქნა დამატებითი ფინანსური რესურსი, რომელიც მოხმარდება ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებას, რათა მოსახლეობამ რეგიონებში მიიღოს სრულყოფილი მომსახურება", – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

"შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან დღეს გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება მნიშვნელოვანია ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის დაფუძნებისთვის. საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი, ხელს შეუწყობს ადგილებზე ბიუჯეტირების, დაგეგმარების, აქტივების ეფექტიანად მართვის პროცედურების გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ასევე ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, ენერგოსისტემის გაუმჯობესების კუთხით, რაც სტიმულს მისცემს რეგიონებში კერძო ინვესტიციების მოზიდვას", – განაცხადა ჰენრი კერალიმ.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მიღებული ფინანსური დახმარება ასევე ხელს შეუწყობს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის მჭიდრო და ეფექტურ თანამშრომლობას. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტისთვის, მსოფლიო ბანკის მიერ უკვე გამოყოფილია 30 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი. პროექტის განხორციელება ნავარაუდებია 2015 -2017 წლებში.