წამლების გაძვირება გარდაუვალია

მომავალი კვირიდან, შესაძლოა, მედიკამენტები ისევ გაძვირდეს. ფასის ზრდა იმაზე იქნება დამოკიდებული, ეროვნული ვალუტის კურსი იმავე ნიშნულზე დარჩება თუ უფრო მეტად გაუფასურდება. ფარმაცევტულ კომპანიებში ამბობენ, რომ მატება იქნება, მაგრამ არა - საგანგაშო. იანვრიდან დღემდე კი წამლების გარკვეული ნაწილი 12-15%-ით უკვე გაძვირდა.

ლარის დევალვაცია არა მარტო პირველადი მოხმარების საგნების ფასზე, არამედ მედიკამენტებზეც აისახა და თანაც მყისიერად. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის მარტში, გასული წლის მარტთან შედარებით, ჯანდაცვაში ფასები 6%-ით გაიზარდა. გაძვირდა სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები, განსაკუთრებით კი - წამლები. რაც შეეხება თებერვალს, ჯანდაცვის მომსახურება 2014 წლის თებერვალთან შედარებით 6,4 %-ით გაიზარდა.

ასეთი ტენდენციის გამო სადაზღვევო კომპანიებმა ჯანმრთელობის დაზღვევა უკვე გააძვირეს, თუმცა თვალში საცემად ჯერ არა. პოლისების გაძვირების მიზეზი კი მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების მატებაა. მედიკამენტების გაძვირების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. როგორც ფარმაცევტულ კომპანიებში ამბობენ, ფასმა, შესაძლოა, 5%-ით მოიმატოს.

”ბაზარზე დაახლოებით 10 000 მედიკამენტი ბრუნავს და იქიდან გაძვირებულია დაახლოებით 400-500, ზოგი - 2%-ით, ზოგი - 10%-ით გაძვირდა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა იმუშავეს მწარმოებელ კომპანიებთან, დამატებითი ფასდაკლება მიიღეს და ა.შ. ბევრმა დაუწია ფასს, ბევრმაც არ დააკლო, მაგრამ რეალურადაც ეს ასე იყო. აქამდე ევროს კურსი იყო სტაბილური, დაახლოებით, 2.30-ის ფარგლებში და აქედან გამომდინარე, ევროზონიდან შემოსული მედიკამენტებიც არ გაძვირებულა. დღეს კი ისეთ ზღვარზეა მისული ( ევრო -2.55 და დოლარი - 2.33), როდესაც მედიკამენტებს, შესაძლოა, შეეხოს გაძვირება, მაგრამ ეს იქნება დაახლოებით 5%-იანი და არა უფრო მეტი”,-განაცხადა ”პეესპეს” დამფუძნებელმა კახა ოქრიაშვილმა.

რაც შეეხება იმას, ფასების ზრდის შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა მოახდინოს თუ არა ჩარევა, ოქრიაშვილი ამბობს, რომ - არა. ”ვფიქრობ, ფასების ზრდის შემთხვევაში, სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს რეაგირება, არამედ უნდა გააკეთოს მონიტორინგი. თუ დაარეგულირებს ფასებს, რა მოხდება ამით, გაიაფდება მედიკამენტები?”,- განაცხადა ოქრიაშვილმა.

წამლების გაძვირებას პროგნოზირებს სააფთაქო ქსელის, ”ჯი-პი-სის” ხელმძღვანელი დავით კილაძეც. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ვალუტის კურსი კიდევ დაეცა, წამლები გაძვირდება. მედიკამენტებზე ფასი მაშინაც მოიმატებს, თუკი ლარის კურსი იგივე დარჩა, თუმცა როგორც კილაძე ირწმუნება, ამ შემთხვევაში, ზრდა უმნიშვნელო იქნება.

”ლარის გაუფასურების ეს ტემპი აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ჩვენთვის. იმის გამო, რომ ძალიან დიდი დოზით დამოკიდებულნი ვართ ვალუტის კურსზე (ლარი კი ეცემა), ცხადია, მედიკამენტები გაძვირდება. ორშაბათამდე ფასის კორექტირებას არ ვაპირებთ. დაველოდებით, თუ რა ნიშნულზე იქნება ლარი იმ დროს. თუ ვალუტის კურსმა დაიწია, მაშინ არაფერი მოხდება, თუ იგივე დარჩა, - უმნიშვნელოდ გაიზრდება. თუ დაეცა ლარი, რა თქმა უნდა, უფრო გაიზრდება ფასი.  ახალი წლიდან დღემდე კი მედიკამენტები 12%-ით გაძვირდა, მაგრამ არა ყველა, ჯამური 5 ათასი მედიკამენტიდან დაახლოებით 400-500 დასახელებაა გაძვირებული. თუმცა გეტყვით, რომ მნიშვნელოვანი და ტრაგიკული აქამდე არაფერი მომხდარა და ვიმედოვნებთ, რომ ასეთი რამ არც მომავალში მოხდება”,- განუცხადა ”რეზონანსს” დავით კილაძემ.

ეროვნული ვალუტის კურსი კი არა გამყარებას, არამედ, დაცემას აგრძელებს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში უკვე 10 პუნქტით დაეცა, რაც მედიკამენტების ფასზე მყისიერად აისახა და შეუქცევადი პროცესიც გახდა. თითქმის ყველა სახის წამლის ფასმა მოიმატა.

სამედიცინო მომსახურების ღირებულებაში ყველაზე დიდი ხარჯი მედიკამენტებზე მოდის და ეს ტვირთი მოსახლეობისთვის სულ უფრო და უფრო მძიმდება. მომხმარებელი ამბობს, რომ აფთიაქში ყოველი შესვლისას წამლებზე გაზრდილი ფასი ხვდება. თბილისელები ამბობენ, რომ დღეს მათ ყველაზე მეტად გაუფასურებული ლარის გამო გაძვირებული სესხი და მედიკამენტები აწუხებთ.

ხველების წამალი ”ისმიჟენი” 15 ლარიდან 18,6 ლარამდე გაძვირდა, ”მეზიმ ფორტეს” ფასი 2,65 ლარიდან 3,2 ლარამდე გაიზარდა, ”ლაქტოჯი” 9 ლარიდან 11 ლარამდე გაძვირდა, ”პიოფაგის” 1 ამპულა 90 თეთრი ღირდა და ახლა 1,2 ლარი ღირს, ”ფაგიოს” (ფლაკონი) ფასმა კი 2,65 ლარიდან 4,10 ლარამდე მოიმატა. 1მგ-იანი ”როცეფინის” ფასმა 12,95 ლარიდან 16,38 ლარამდე მოიმატა. ეს არის მედიკამენტების ის მცირე ჩამონათვალი, რომლებიც, ლარის კურსის ვარდნის გამო, მკვეთრად გაძვირდა. იმ შემთხვევაში, თუ ლარი არ დასტაბილურდა, მედიკამენტები მომავალი კვირიდან კიდევ გაძვირდება.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”