”მთავრობა შემდგომ დევალვაციას არ ელოდება”

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ლარის კურსთან დაკავშირებით.

როგორც ვიცე-პრემიერმა განმარტა, მთავრობა შემდგომ დევალვაციას არ ელოდება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩატარებული საპრივატიზაციო მიმართულებით, არის უშუალო შედეგები და კიდევ უფრო მეტი იქნება მომავალში ტურიზმის ზრდისა და ვიზიტორების შემოდინების მაჩვენებლებთან ერთად.  "ამიტომ მე მინდა ვთხოვო ყველა მედიასაშუალებას, მაქსიმალურად შეეცადონ, ამ თემით არ იყოს პოლიტიკური სპეკულირება, ვინაიდან თითოეული ნეგატივი, რომელიც გადის სივრცეში, ძალიან მნიშვნელოვნად აისახება ეკონომიკაზე. როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე და არა როგორც ეკონომიკის მინისტრი, ვთხოვ ჩემი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომლებიც ზოგჯერ არიან მედიის წარმომადგენლები და ზოგჯერ პოლიტიკოსები, ანგარიში გაუწიონ სიტუაციას, რომელიც არის. მინდა ვთხოვო მათ, არავითარ შემთხვევაში არ შექმნან ხელოვნურად დამძიმებული სურათი მედიის საშუალებით. ეს მესიჯი მინდა მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისაც ყველაზე მეტად ეხება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.