ბიზნესგაერთიანებები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოში მოქმედი ბიზნესგაერთიანებები ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

bpn.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

”საქართველოს ბიზნეს ასოციაციები, როგორც ქვეყნის ეკონომიკური სფეროს უმნიშვნელოვანეს სექტორში მოღვაწე პროფესიული გაერთიანებები, შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ ფაქტის გამო, რომელსაც ამ რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ადგილი და მიზნად ისახავს არა რომელიმე ბიზნეს სტრუქტურის დისკრედიტაციას, არამედ საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტის იმიჯისა და საქმიანი რეპუტაციისათვის, სრულიად უსამართლოდ ზიანის მიყენებას, რითაც საბოლოოდ სერიოზულ დარტყმას მივიღებთ მთლიანად ბიზნეს გარემოზე და აქედან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკაზე.

ბატონი გიორგი გახარია, ამ თანამდებობაზე მოსვლის დღიდან გულისხმიერებით, მაღალი პროფესიონალიზმით და დიდი მონდომებით ცდილობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმაროს ბიზნესის წარმომადგენლებს და ამის მრავალი მაგალითი არსებობს, ხოლო დღეს როგორი პარადოქსიც არ უნდა იყოს, ბიზნესს თავად უწევს მისი დაცვა, რაც სამწუხარო რეალობაა და უარყოფითად აისახება ინვესტორთა ქცევაზე.

ამიტომ, ჩვენ მაქსიმალური ყურადღებით მივადევნებთ თვალს მოვლენების შემდგომ განვითარებას და შევეცდებით, რომ მომავალშიც მყისიერი რეაგირება მოვახდინოთ ამ ფაქტისადმი არა სამართლიანი და ტენდენციური დამოკიდებულების შემთხვევაში”- ნათქვამია ბიზნესგაერთიანებების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია; ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კაშირი; ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაცია; საქართველოს ბანკების ასოციაცია; საქართველოს ფერმერთა ასოციაცია; საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია; ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია; საქართველოს მეხორბლეთა ასოციაცია.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ბიზნესმენ ვახტანგ გოძიაშვილისა და ბიზნესომბუდსმენის, გიორგი გახარიას სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი. ბიზნესმენი გახარიას, აგრეთვე, ზვიად ჯანყარაშვილს მის საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებს.