"ჯეოსელის" ინოვაციების ლაბორატორია - ჯეოლაბი გაიხსნა

"ჯეოსელის" ინოვაციების ლაბორატორია - ჯეოლაბი გაიხსნა.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლაბორატორია "ჯეოსელის", ლივინგსტონის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი პროექტია, რომელიც სააგენტოს საგრანტო კონკურსის საფუძველზე შეიქმნა. მათივე ცნობით, ჯეოლაბი - მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორიაა, რომელიც სამუშაო რეჟიმშია 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო და ინოვაციური პროექტის განხორციელებისათვის.

"ჯეოლაბში სტუდენტები შეძლებენ შექმნან ბიზნესზე ორიენტირებული სერვისები, პროდუქტები და პროტოტიპები, მოახდინონ საკუთარი კრეატიული აზროვნების და ტექნიკური უნარ-ჩვევების რეალიზება. მსურველები შეძლებენ ხუთი სხვადასხვა მიმართულებით ისწავლონ და თითოეული მიმართულების ფარგლებში დაეუფლონ მათ მიერ შერჩეულ სპეციალიზაციას. ეს მიმართულებებია: 3D დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, პროგრამირება, ელექტრონული პლატფორმები, პროგრამული პროექტების მართვა", - აცხადებენ კომპანიაში.

ჯეოლაბის პრეზენტაცია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში გუშინ 4 მაისს გაიმართა. პრეზენტაციაზე, პროექტის მიზანზე და მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ამერიკის სრულუფლებიანმა ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ქაშიბაძემ, ჯეოსელის გენერალურმა დირექტორმა, პაველ სმალინსკიმ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, მაიკლ ქაუგილმა.