პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ბიომეტრულ მონაცემთა დამუშავების შესახებ რეკომენდაციები მოამზადა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ბიომეტრულ მონაცემთა დამუშავების შესახებ რეკომენდაციები მოამზადა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, სხვადასხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციების მხრიდან ბიომეტრიული მონაცემების გამოყენების მზარდი დინამიკისა და ამ საკითხზე გაზრდილი მომართვიანობის საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ბიომეტრული მონაცემების დამუშავების შესახებ რეკომენდაციები მოამზადა.

ბიომეტრული მონაცემი არის ინდივიდის ფიზიკური, ფსიქიკური ან ქცევის მახასიათებელი, რომელიც უნიკალური და მუდმივია და რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება, მაგალითად თითის ანაბეჭდი, თვალის ფერადი გარსი, სახის მახასიათებელი და სხვა.  "ბიომეტრული მონაცემების გამოყენების კანონიერების საკითხზე გაზრდილი მომართვიანობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ამ თემაზე სპეციალური რეკომენდაციების მომზადება. ბიომეტრული მონაცემების დამუშავების კანონიერება, ადეკვატურობა და პროპორციულობა წარმოადგენს "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის რეგულირების სფეროს, კანონი ამომწურავად განსაზღვრავს აღნიშნული ტიპის მონაცემთა დამუშავების კანონიერ საფუძვლებს, პრინციპებს, მიზნებს, უსაფრთხოებას, მოქალაქეთა უფლებებსა და მათ დასაცავად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის როლს. მნიშვნელოვანია, მონაცემთა დამმუშავებლის მხრიდან მოხდეს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების დაცვა", - აცხადებენ ინსპექტორის აპარატში.

დოკუმენტი 6 თავისგან შედგება და დეტალურადაა აღწერილი ბიომეტრული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტები, იმ ორგანიზაციათა ვალდებულებები, რომლებიც ახდენენ ბიომეტრული მონაცემების დამუშავებას.

დოკუმენტი შემუშავებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის, მონაცემთა დაცვის ევროპული სტანდარტებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე.

დოკუმენტი ხელმისაწვდომია აღნიშნულ ბმულზე - http://personaldata.ge/res/docs/recommendation/Guidelines%20on%20Biometric%20Data.pdf