ნოდარ ხადური: უამრავი საქმე გაკეთდა, რათა საქართველო ბიზნესწრეების ყურადღების ცენტრში მოხვდეს

მინდა გითხრათ, ორი წლის წინ, როდესაც EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთეთ, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამდენი საქმე შეიძლებოდა გვქონოდა, - ამის შესახებ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველყოფის სამთავრობო კომისიის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.

ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა EBRD-ის ხელმძღვანელობასა და მმართველთა საბჭოს იმის გამო, რომ უკვე მეორედ, ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველო მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ქვეყანაა. მან ასევე მადლობა გადაუხადა უწყებებს, რომლებიც მოსამზადებელ სამუშაოებში არიან ჩართული, მათ შორის, თბილისის მერიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაცვის სამსახურს და ასევე მედიას, რომლის აქტივობა, ღონისძიების გაშუქების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესად შეაფასა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ძალიან ბევრი ორგანიზაციული საკითხი იყო მოსაგვარებელი და მან ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა ის, რომ 30 მაღალი დონის სტუმარი თბილისის აეროპორტში 20 წუთის სხვაობით ჩამოდის და უზარმაზარი პროტოკოლური სამუშაოები არის გასაწევი. სულ, ხადურის ინფორმაციით, თბილისი 1500-მდე სტუმარს უმასპინძლებს, რომელთა შორის იქნება 15 ფინანსთა მინისტრი, 11 ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერები, პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, EBRD-ის ხელმძღვანელობა. ფინანსთა მინისტრის თქმით, საფინანსო კომპანია "იუნიკრედიტმა" ჩარტერული რეისი დაიქირავა და მთელი დელეგაციით ჩამოდის საქართველოში, რათა საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები აწარმოოს. შესაბამისად, ნოდარ ხადურის თქმით, ძალიან ბევრი შესაძლებლობაა და ის დარწმუნებულია, რომ ბიზნესმენები ისევე წარმატებით გამოიყენებენ ამ შესაძლებლობებს, როგორი წარმატებითაც მთავრობამ დაახვედრა მათ ინფრასტრუქტურა.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ბიზნესფორუმი 14 მაისს იხსნება, შეხვედრები უკვე 12 მაისიდან დაიწყება და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, სერ სუმა ჩაკრაბარტის სწორედ 12 მაისს შეხვდება.