კახეთში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება

კახეთში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იტალიური კალიის გამოვლენისა და საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ტრანსსასაზღვრო კვლევები მიმდინარეობს. კვლევები რეგიონული მასშტაბისაა და მასში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მცენარეთა დაცვის სამსახურების სპეციალისტები მონაწილეობენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იტალიური კალია საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც მწვანე საფარს და ნარგავებს ანადგურებს. მავნებლის წინააღმდეგ ქიმიურწამლობა წელს მაისის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. "მიმდინარე კვლევები საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ არსებული მდგომარეობა და ეფექტურად დავგეგმოთ კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ლიპარტიამ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-რუსეთის საზღვარზე კვლევები ყოველწლიურად ხორციელდება.