ფრინველის გრიპის გამო, საქართველოში თურქეთიდან ცოცხალი ფრინველის, ხორცის და კვერცხის იმპორტი შეიზღუდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქეთიდან ცოცხალი ფრინველის, ხორცისა და კვერცხის იმპორტი შეზღუდა. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს ინფორმაციით, თურქეთში ფრინველის მაღალპათოგენური გრიპი დაფიქსირდა. შესაბამისად, თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი ფრინველის და მეფრინველეობის პროდუქტების (ხორცი და ხორცპროდუქტები, კვერცხი) იმპორტი შეიზღუდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულის შესახებ უკვე აცნობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და იმპორტიორებს. სურსათის ეროვნული სააგენტო კანონით განსაზღვრულ ღონისძიებებს თურქეთიდან უკვე იმპორტირებულ პროდუქციაზეც განახორციელებს.