ბრძოლა ინტერნეტის გასაიაფებლად

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ინტერნეტ-პროვაიდერებისთვის ტარიფების შემცირების შედეგად, შესაძლოა, ინტერნეტი სამომხმარებლო ბაზარზეც გაიაფდეს.

როგორც კომისიაში აცხადებენ, მათ მიერ განხორციელებული სატარიფო ცვლილება ბაზარზე მყისიერად ნამდვილად ვერ აისახება. ამ ეტაპზე სამომხმარებლო გადასახადის შემცირებას არ ელიან ”ახალგაზრდა ადვოკატებიც”.

”მილებზე და სპილენძზე ტარიფის შემცირება არანაირ კავშირში არ არის საცალო გადასახადთან. ამით კომისია, ალბათ, ცდილობს, რომ ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს და დააბნიოს მომხმარებელი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მარეგულირებელი კომისიის მიერ ტარიფების შემცირება საცალო ბაზარზე არ აისახება”, - განუცხადა ”რეზონანსს” ”ახალგაზრდა ადვოკატების” წარმომადგენელმა ნინო ისაკაძემ.

დღეს საქართველოში რამდენიმე ათეული აქტიური ინტერნეტ პროვაიდერია, მაგრამ საცალო ინტერნეტის ხვედრითი წილი საქართველოში, თბილისის ჩათვლით, ძირითადად, შემდეგ კომპანიებზე მოდის: ”კავკასუს ონლაინი”, ”სილქნეტი”, ”მაგთიკომი”, ”ახალი ქსელები”, ”ახტელი”. ბაზრის 60%-ზე მეტს კი ”სილქნეტი” და ”კავკასუს ონლაინი” ინაწილებენ.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2015 წლის მარტში სულ დარეგისტრირებული იყო 478 452 ინტერნეტ-მომხმარებელი. აქედან, ”სილქნეტს” 235 742 აბონენტი ჰყავს, ”კავკასუს ონლაინს” - 157 639, ”ახალ ქსელებს” - 43 084, ”ახტელს” - 16 339 და ა.შ. რაც შეეხება ინტერნეტ-მოხმარების სიჩქარის ტარიფს, პრაქტიკულად, ყველა კომპანიას ერთმანეთის ანალოგიური აქვს. თუკი ერთი მსხვილი კომპანია მოხმარების გადასახადს ზრდის, იგივეს აკეთებს მეორე და თანაც ძალიან მალე.

წლის დასაწყისიდან სწორედ ტარიფების მყისიერი გაძვირება გახდა მიზეზი იმისა, რომ ”ახალგაზრდა ადვოკატებს” ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნითა და ინტერნეტბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე რეაგირებისთვის კონკურენციის სააგენტოსთვის მიემართა. ”2015 წლის მარტიდან, ინტერნეტბაზრის მფლობელებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს მომსახურების ტარიფი, ცალმხრივად დაირღვა მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებები; კომპანიების მხრიდან კი მოქალაქეების მიმართ, მომსახურების ღირებულების გაზრდის საჭიროების დასაბუთება არ მომხდარა, რაც მიუთითებს ინტერნეტბაზარზე არსებული კომპანიების მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რომლის შესწავლაც კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებაა,” - განაცხადა ისაკაძემ.

ჯერ კიდევ 2014 წლის ივლისში ”ახალგაზრდა ადვოკატებმა” რეკომენდაციით მიმართეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რათა მომხდარიყო ინტერნეტბაზრის მნიშვნელოვანი მონაწილე კომპანიების მონოპოლიური მდგომარეობის შესწავლა. ორგანიზაციამ იმავე პერიოდში მარეგულირებლისგან ტარიფებზე ზედა ზღვარის დაწესებაც მოითხოვა. თუმცა, ნინო ისაკაძის თქმით, ამ მიმართულებით რეაგირება დღემდე არ მომხდარა. კონკურენციის სააგენტოში განმარტავენ, რომ აღნიშნულ საკითხს ვერ გამოიკვლევენ, რადგანაც ეს სააგენტოს შესწავლის სფეროს არ წარმოადგენს და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომპეტენციაა. შესაბამისად, მან საბითუმო ბაზრის რეგულაციით უნდა უზრუნველყოს კონკურენცია და საცალო ბაზარზე ადეკვატური ფასი.

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ 2014 წლის შემოდგომაზე და 2015 წლის იანვარში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს. მან საკანალიზაციო არხების და სპილენძის წყვილების ბაზარი შეისწავლა და ტარიფები მნიშვნელოვნად გააიაფა. ”მაგალითად, თუ ერთი კმ საკანალიზაციო არხში 100 მმ-იანი მილის გატარების ტარიფი იყო 900-დან 1400-ლარამდე, 370-ლარამდე დაიწია ამ ტარიფმა. გარდა ამისა, სპილენძის 1 წყვილის იჯარით აღების ტარიფი 15 ლარიდან 2,2 თეთრამდე დაიწია, რაც შეეხება გლობალურ რესურსებთან დაშვებას, ეს არის ინტერნეტის საბითუმო ბაზარი, ანუ საქართველოში ინტერნეტი შემოაქვს რამდენიმე კომპანიას და ამ შემომტან კომპანიებსაც დაუწესდათ სპეციფიკური ვალდებულებები და სატარიფო რეგულაცია. აქამდე თუ სატარიფო რეგულაცია არ არსებობდა, მათ დაუწესდათ 32 ლარი ერთ მეგაბიტზე. დღემდე ტარიფი არ იყო და საშუალოდ 120-დან 150-ლარამდე ღირდა 1 მეგაბიტი”, - აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია ყურაშვილი.

მისი თქმით, გაიაფების შედეგები ბაზარზე მყისიერად არ აისახება და კომისიის გადაწყვეტილებების გავლენას მოგვიანებით შეისწავლიან. რაც შეეხება კომპანიების ”სილქნეტისა” და ”კავკასუს ონლაინის” დომინირებულ მდგომარეობას, ყურაშვილი განმარტავს, რომ ეს კომპანიები მიჩნეულნი არიან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ოპერატორებად, შედეგად მათ დაწესებული აქვთ გარკვეული ვალდებულებები: დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ხარჯებისა და შემოსავლების განცალკევებით აღრიცხვა და სატარიფო რეგულაცია. ამავე რეგულაციით, მათ ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლას ხელი არ უნდა შეუშალონ.

ნინო ისაკაძე კი ამბობს, რომ მარეგულირებლის მიერ ტარიფების შემცირება საცალო ბაზარზე ინტერნეტს ვერ გააიაფებს, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერიოდში. ”კომპანიები - ”სილქნეტი” და ”კავკასუსი” ტარიფების ზრდის საფუძვლად მსოფლიო და საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ. ისინი არ მიუთითებენ რაიმე კონკრეტულ ქმედებაზე, რის გამოც მოხდა ინტერნეტის გაძვირება. მილების გატარებასა და სპილენძზე ფასის შემცირება არანაირ კავშირში არ არის ტარიფების სამომავლოდ კლებასთან. ამით კომუნიკაციების კომისია ცდილობს, ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს და დააბნიოს მომხმარებელი. გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ამან ტარიფი შეამციროს, მაგრამ არა ახლო მომავალში. გაუგებარია, რას გულისხმობდნენ მსოფლიო ეკონომიკურ მდგომარეობაში კომპანიები. თუ ისინი მიუთითებენ ლარის კურსის ცვლილებაზე, ესეც უცნაურია, რადგან პროვაიდერები ინტერნეტმომსახურებას, ძირითადად, ევროში ყიდულობენ. ევროსთან მიმართებაში კი ლარი მნიშვნელოვნად არ გაუფასურებულა”, - განაცხადა ისაკაძემ.

მისივე თქმით, ტარიფების შემცირება შეიძლება მოხდეს მაშინ, თუკი კომუნიკაციების კომისია ბაზარზე ტარიფების ზედა ზღვარს დააწესებს. ”აუცილებელია, რომ მოხდეს კომპანიების საქმიანობის შესწავლა, რადგან მათ აშკარა მონოპოლია აქვთ ბაზარზე. არსებობს დიდი ეჭვი, რომ შეთანხმებულად მოქმედებენ. როგორც ნახეთ, ამ წელს ორივე მსხვილმა კომპანიამ გადასახადი ერთდროულად გაზარდა”, - აღნიშნა ისაკაძემ.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”