ელექტროენერგიის იმპორტში რუსეთის წილი გაიზარდა - როგორია ბოლო 5 წლის მონაცემები

ბოლო წლებია, რუსეთის წილი საქართველოს ელქტროენერგიის იმპორტში იზრდება. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელს იმპორტირებული 810.7 ათასი აშშ დოლარის ელექტროენერგიისგან 657.6 ათასი აშშ დოლარის, შესაბამისად, 81.1% რუსეთიდან შემოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ წელს საქართველოს ჯერ-ჯერობით არ განუხორციელებია დიდი ოდენობით იმპორტი, განსხვავებული მდგომარეობაა წინა წლებში.

ასე მაგალითად, 2022 წელს ქვეყანაში სულ შემოვიდა 41.8 მლნ აშშ დოლარის ელექტროენერგა, ხოლო აქედან 21.9 მლნ აშშ დოლარი ანუ 52.4% რუსეთზე მოდიოდა.

შედარებით მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი წილი აქვს რუსეთს 2022-მდეც.

rusetis-cili-sakartvelos-elektroenergiis-importshi-1695646437.jpg

ცნობისთვის, 2023 წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. საქსტატის მონაცემებითვე, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ 94.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა, ეს კი 2022 წლის 8 თვესთან შედარებით 17.6 მლნ დოლარით მეტია. შარშან საქართველომ 76.5 მლნ დოლარის ღირებულების დენი გაყიდა.

ელექტროენერგია საქართველოდან, ძირითადად, მეზობელ ქვეყნებში გავიდა, აქედან ყველაზე მეტი თურქეთში - 84.8 მლნ დოლარის. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი - 5.1 მლნ დოლარით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 4.1 მლნ დოლარით.

გეტყვით იმასაც, რომ რუსეთი ელექტროენერგიაზე საექსპორტო გადასახადების შემოღებას გეგმავს. რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის ერთადერთი ოპერატორის, Inter RAO-ს წარმომადგენლის, ალექსანდრა პანინას თანახმად, ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს კომპანიაზე.

„რაკი ელექტროენერგიის ინდუსტრია გამონაკლის სექტორებში არ შედის, საექსპორტო გადასახადმა შესაძლოა, მასზე გავლენა იქონიოს. წელს, აპრილ-ივნისში მიწოდება თურქეთში განვახორციელეთ. საქართველოსა და თურქეთში მიწოდება იქნება, თუმცა ამჟამად არა. პარალელურად, მიმდინარეობს მიწოდება აზერბაიჯანში, ხოლო, დაახლოებით, 20 მეგავატი "სამხრეთ ოსეთს" მიეწოდება," - აცხადებს პანინა.

ცნობისთვის, 21 სექტემბერს რუსეთის ფედეერაციის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, პირველი ოქტომბრიდან 2024 წლის ბოლომდე საქონლის ფართო სპექტრზე 4-7%-იანი საექსპორტო გადასახადი ამოქმედდება და განაკვეთი რუბლის დაცემასთან ერთად გაიზრდება. გამონაკლის საქონელს შორის არის ნავთობი, გაზი, მარცვლეული და ხე-ტყე.

კახი ჩაკვეტაძე