ევროკომისია შემდგომ ანგარიშს 2015 წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს

ევროკომისია საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების თაობაზე შემდგომ ანგარიშს 2015 წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს.

ევროკომისიამ გუშინ გამოაქვეყნა თავისი მესამე, მიმდინარე ანგარიში საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების თაობაზე. ევროკომისიამ შეაფასა საქართველოს მიერ ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის" მეორე ფაზით გათვალისწინებული ნიშნულების შესრულება დადგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით, შემფასებელი მისიებისა და საქართველოს მიერ ევროკომისიისთვის მიწოდებული მონაცემებისა და დოკუმენტების შესაბამისად. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან" დაკავშირებულ სფეროებში ევროკომისია აგრძელებდა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების მონიტორინგს ევროკავშირ-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების ერთობლივი კომიტეტის, ევროკავშირ-საქართველოს რეადმისიის ერთობლივი კომიტეტის, ევროკავშირ-საქართველოს მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტისა და ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგის ფორმატებში.

მიჩნეულია, რომ თითოეულ ამ ფორმატში ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგი და თანამშრომლობა წინ წასულ ეტაპზეა. "საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია "სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის" ოთხი ბლოკის ფარგლებში. ეს მეტყველებს ქვეყნის ძლიერ მონდომებასა და გაწეული ძალისხმევის მასშტაბზე. ოთხი ზემოხსენებული ბლოკის ფარგლებში საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების პროცესის და შედეგების სიღრმისეულმა ანალიზმა ცხადყო, რომ ზოგადად, საკანონმდებლო ჩარჩო და პოლიტიკა, ისევე, როგორც ინსტიტუციური და ორგანიზაციული პრინციპებისა და პროცედურების ერთიანობა, შეესაბამება საუკეთესო ევროპულ და საერთაშორის სტანდარტებს.

ამიტომ, ევროკომისია თვლის, რომ საქართველო ძირითადად ასრულებს ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის" მეორე ფაზის ნიშნულებს. გასული თვეების განმავლობაში საქართველოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი წინსვლის გათვალისწინებით, ევროკომისია მზადაა გადმოსწიოს შემდგომი ანგარიშის ვადები, თუკი გაგრძელდება სწრაფი წინსვლა იმ ნიშნულებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც წინამდებარე ანგარიშში და სამუშაო დოკუმენტშია აღწერილი. თუმცა, საქართველომ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესასრულებლად.

ძალზე მნიშვნელოვანია ასევე, რომ გაიმართოს მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიები, სადაც განმარტებული იქნება უვიზო მიმოსვლით სარგებლობის უფლებები და მოვალეობები და ის წესები, რომლებიც ევროკავშირის შრომის ბაზარზე წვდომას არეგულირებს. ამ ანგარიშში მოცემული ღონისიებების შესრულება საშუალებას მისცემს საქართველოს, შეასრულოს ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის" მეორე ფაზით გათვალისწინებული ყველა ნიშნული. ევროკომისია გააგრძელებს მონიტორინგს და ყველაფერს გააკეთებს საქართველოს მხარდასაჭერად, ასევე, 2015 წლის ბოლოსთვის მოამზადებს პროცესის მიმდინარების შესახებ ანგარიშს", - ნათქვამია ანგარიშში.