მსოფლიოში მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სასტუმრო გაიხსნება

ინოვაციური სასტუმრო სტუმრების მიღებას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 2017 წლის პირველ ნახევარში დაიწყებს და იგი მხოლოდ მზის პანელებით მიღებული ელექტროენერგიით იმუშავებს.

სასტუმროს მსოფლიო ქსელი "ინტერკონტინენტალი" ააშენებს. 170-ნომრიანი უზარმაზარი შენობა განახლებადი ენერგიის გამოყენების გარდა იმითაც იქნება ინოვაციური, რომ ნარჩენების გადამუშავებასაც უზრუნველყოფს. სასტუმრო დუბაის იმ უბანში აშენდება, რომელიც გარემოს დაცვის ზონადაა გამოცხადებული. როგორც სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ფარის საედი ამბობს, სასტუმროში გამომუშავებული ენერგიის მიწოდება ირგვლივ მყოფი შენობებისთვისაც იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, ეს ელექტროენერგიის საფასურის 25-30 პროცენტით შემცირებას გამოიწვევს.

კომპანია "ინტერკონტინენტალი" მსოფლიოს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 18 სასტუმროს ფლობს, მომდევნო წლების განმავლობაში კი კომპანია კიდევ 10 ახალი სასტუმროს აშენებას აპირებს.