ძვირად ღირებული ქორწილები საქართველოში

„ყოფილა შემთხვევა, როცა წყვილს ქორწილის ორგანიზებაში 60-65 ათასი ლარი გადაუხდია“

ქორწინების ორგანიზება უცხოეთში დიდი ხანია აპრობირებული მეთოდია და ის საქართველოს ბაზარზეც ფეხის მოკიდებას ცდილობს. როგორც ჩანს, ეს ბიზნესი საკმაოდ მომგებიანია, რაზეც მსგავსი კომპანიების სიმრავლე მიუთითებს. თუმცა, ქორწილის ორგანიზება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა - მოსაწვევები, რესტორანი, თაიგული, ტორტი, გახმოვანება, სპეცეფექტები -  ეს ამ დღისთვის აუცილებელი ატრიბუტების მცირე ჩამონათვალია.

ტრადიციული ქართული თუ ევროპული ტიპის ქორწილი - არჩევანი ნეფე-პატარძალზეა, კომპანიები ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი პოპულარულობით სარგებლობს ქორწინების ცერემონიის ღია ცის ქვეშ გამართვა.

bpnრა ჯდება ქორწილი საქართველოში? ამის გასარკვევად Bpn.ge საქართველოში მოქმედ საქორწინო მომსახურების ორგანიზატორებს დაუკავშირდა. ბაზარზე ახალბედა კომპანიებს შორის დიდი გამოცდილების მქონე კომპანიებიც არიან. ცხადია, ქორწილის ორგანიზების თანხა შემკვეთის მატერიალურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ე.წ. საპატარძლოს კუთხის მოწყობის ფასი 300-დან 1 000 ლარამდე მერყეობს. საქორწინო დერეფნის მოწყობის ღირებულება 300 ლარიდან იწყება. მოსაწვევების ფასიც მისი პოლიგრაფიული ხარისხისა და დიზაინის მიხედვით იცვლება.

რაც შეეხება საქორწინო ტორტებს

, მისი ფასი ზომის, ფორმის და დიზაინის გათვალისწინებით 500-დან 2 000 ლარამდე მერყეობს. მათ, ვისაც ქორწილის ღია ცის ქვეშ გამართვა სურს, ეს სიამოვნება 10-15 ათასი ლარი და მეტი დაუჯდება. რაც შეეხება ქორწილის რესტორანში გამართვას, ორგანიზატორების თქმით, აქ მათი თანამონაწილეობა მხოლოდ დიზაინის გაფორმებით შემოიფარგლება, რაც 2 000 ლარამდე ღირს. წყვილი რესტორანს და მენიუს თავად ირჩევს.

bpnკომპანია „სქაილაინი“ მომხმარებელს ქორწილის ორგანიზებასა და დიზაინთან ერთად ცერემონიის გამართვას ღია ცის ქვეშაც სთავაზობს.

კომპანიის წარმომადგენლის, დარეჯან ბურჯალიანის თქმით, საქართველოს ბაზარზე უკვე წლებია მუშაობენ, თუმცა, მომხმარებელის რაოდენობა მაინც მცირეა: “როგორც ჩანს, ქართველებისთვის ქორწილის ორგანიზება ჯერ კიდევ უცხო ხილია და ამჯობინებენ, თავად დაგეგმონ ქორწილი. ფიქრობენ, რომ ხარჯი გაცილებით მცირე ექნებათ, თუმცა, ასე არ არის. ყოფილა შემთხვევა, როცა წყვილს მხოლოდ რესტორანში დიზაინის მოწყობისთვის 3 000 ლარი გადაუხდია. ღია ცის ქვეშ საქორწინო ცერემონიისთვის 10 000 ლარიც კი დაუხარჯვიათ, 80 კაცზე. რესტორანში იგივე რაოდენობის შემთხვევაში ეს თანხა გაცილებით ნაკლები შეიძლება იყოს, რადგან ჩვენ მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე ვზრუნავთ, რაც 1 500-დან 2 000 ლარამდეა. თუ ტორტიც ემატება, მაშინ 2 500 ლარიც შეიძლება იყოს. ზოგადად, ქორწილის ორგანიზების სრული სერვისი კომპანიას რომ შეუკვეთონ, გაცილებით იაფი დაუჯდებათ. საშუალოდ, წლის განმავლობაში 300-დან 500-მდე წყვილი სარგებლობს ჩვენი კომპანიის მომსახურებით, რაც ბუნებრივია, ბევრი ნამდვილად არ არის.“

კომპანია „შოუთაიმში” ამბობენ, რომ მათი ორგანიზებით გამართული ყველაზე ძვირად ღირებული ქორწილი 65 000 ლარი დაჯდა.

წყვილი უცხოეთში მცხოვრები ქართველები იყვნენ, რომლებიც სამშობლოში ქორწილის გადასახდელად ჩამოვიდნენ. საგულისხმოა, რომ ქვეყანაში შექმნილი სავალუტო კრიზისი საქორწინო სერვისებსაც შეეხო და ორგანიზატორები კლიენტების შემცირებას უჩივიან.

სალომე გოგოხია