სოფელ აკაურთაში ღორის ხორცის უმსხვილესი საწარმო ABD Georgia გაიხსნა

ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთაში საქართველოში ღორის ხორცის უმსხვილესი საწარმოს ABD Georgia გაიხსნა.

საწარმო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ABD Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ევგენია ხუხლოვამ გახსნეს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია და მიესალმებიან, კავკასიაში ყველაზე თანამედროვე მეცხოველეობის კომპლექსის გახსნას. "ძალიან კარგია, რომ მსხვილი უკრაინული ჰოლდინგი შემოვიდა ამ ინვესტიციით. ეს არის 6,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის მეღორეობის ფერმა ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აწყობილი, სადაც არ გამოიყენება არანაირი ქიმიური დანამატები და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს. "ადგილობრივი წარმოების განვითარება ნამდვილად არის ჩვენი პრიორიტეტი და სასიხარულოა, რომ ამ კომპანიამ ასევე ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით 600 000 ლარის ოდენობით", - განაცხადა კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ მთლიანობაში 6,5 მილიონიან ინვესტიციაში მთავრობის გარკვეული წვლილიც არსებობს.

კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს კომპანია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებაში და როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების კომპანია, მაგალითი იქნება ბევრი ადგილობრივი მეწარმისთვის.

ABD Georgia-ს გენერალურმა ევგენია ხოხლოვამ კი განაცხადა, რომ საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით საინტერესო ვითარებაა. მისივე თქმით, როდესაც ჩამოვიდნენ საქართველოში სრული მხარდაჭერა მიიღეს სახელმწიფოსგან, ასევე მიიღეს დაბალპროცენტიანი კრედიტი. "არანაირი დაბრკოლება არ შეგვქმნია ბიზნესის დასაწყებად", - განაცხადა ხოხლოვამ.

მისივე თქმით, პროდუქციის გაყიდვა ქართულ მაღაზიებში დღეიდან დაიწყება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ABD Georgia შედის უკრაინის აგრარულ ჰოლდინგ ACD-ში, რომელიც უკრაინაში ლიდერია ღორების მოშენებისა და კომბინირებული საკვების წარმოებაში. საწარმოს მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 6.5 მილიონ ა.შ.შ დოლარს. კომპანიაში ამჟამად 250-მდე ადამიანია დასაქმებული. ABD Georgia ქართულ ბაზარზე სამარკო ნიშან Delicia-ს სახით არის წარმოდგენილი.

ABD Georgia 30-მდე დასახელების ძეხვს, სარდელსა და დელიკატესს აწარმოებს. Delicia-ს პროდუქცია დამზადებულია ყოველგვარი ქიმიური შენაერთების გარეშე, მხოლოდ საკუთარ ფერმაში მოწეული ღორის ხორცისგან.