საქართველომ ლიხტენშტეინთან, ისლანდიასთან და კვიპროსთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებები გააფორმა

საქართველომ ლიხტენშტეინთან, ისლანდიასთან და კვიპროსთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებები გააფორმა. ხელშეკრულებები EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის და ბიზნესფორუმის ფარგლებში გაფორმდა. საქართველომ ხელი მოაწერა შემოსავლებისა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ პარაფირებულ შეთანხმებებს.

დოკუმენტს ქართული მხრიდან ხელი მოაწერა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. ლიხტენშტეინის და კვიპროსის მხრიდან ასევე ფინანსთა მინისტრებმა და ისლანდიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ასეთი ტიპის შეთანხმებები ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია ქვეყანაში ინვესტიციების წახალისებისთვის, რადგან აღნიშნული დოკუმენტები ქმნიან ე.წ. ჩარჩო პირობებს, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნების მიერ საქართველოში კერძო ინვესტირების დაბანდებას. აღნიშნულ ქვეყნებთან დადებული შეთანხმებების მუხლები ნათლად განსაზღვრავენ ქვეყნებს შორის დაბეგვრის უფლებას, რათა პირის მიერ მიღებული შემოსავალი დაიბეგროს მხოლოდ ერთხელ. შეთანხმებები ასევე მოიცავს საგადასახადო მიზნებისთვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტებს, რაც პირების მიერ გადასახადების გადაუხდელობისგან თავის არიდებას ითვალისწინებს. "მნიშვნელოვანი შეთანხმებებია, რომელიც დღეს გავაფორმეთ სამ ქვეყანასთან. ძალიან მნიშვნელოვანია ეს იმისთვის, რათა კიდევ ერთხელ დავაინტერესოთ ბიზნესი, ინვესტორები, გავუღოთ ინვესტორებს კარი და სწორედ ამიტომ არის საინტერესო იბიარდის ყოველწლიური ღონისძიება, მით უმეტეს თბილისში, რომ ჩვენ ასეთი შესაძლებელობები გვეძლევა. კერძოდ, მთავრობებს, რომ ურთიერთშეთანხმებები გავაფორმოთ და ბიზნესმენებს, რომ კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდნენ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.