გიორგი ქადაგიძეს ევროპის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადასცეს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს დღეს ევროპის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადასცეს.

საქართველოს ეროვნულ ბანკში გიორგი ქადაგიძის ჯილდო ჟურნალ The Banker-ის ევროპის რედაქტორმა სტეფანი ლინჰარტიმ გადასცა. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ჟურნალმა The Banker საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ევროპის 2014 წლის ცენტრალური ბანკის საუკეთესო მმართველად დაასახელა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთი ავტორიტეტული გამოცემა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს და საუკეთესო ბანკირებს ყოველწლიურად 149 ქვეყანაში იკვლევს და ავლენს. გამარჯვებულის შეფასება კი წინა წლის მონაცემზე დაყრდნობით ხდება. აღნიშნული ჯილდოს მინიჭება გიორგი ქადაგიძეს ჟურნალის რედაქტორმა მიულოცა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ქადაგიძე ამ ჯილდოს მფლობელი გახდა. სტეფანი ლინჰარტის თქმით, გიორგი ქადაგიძის ხელმძღვანელობით ქვეყანამ დაძლია 2008 წლის შემდეგ გამოწვეული ფინანსური კრიზისი. ასევე, დასახელდა ის, რომ 2014 წელს საქართველოში ფასიანი ქაღალდების გამოცემა დაიწყო და ა.შ.

ლინჰარტის თქმით, ჟურნალის გამოცემა 89 წლის წინ დაიწყო. ამ ჯილდოს გადაცემა კი 2003 წლიდან დაიწყეს. "ეს აღიარება ნიშნავს, რომ ქართული საბანკო სისტემა არის სანდო პარტნიორი. ეს აღიარება ნიშნავს, რომ ინვესტორები ენდობიან ჩვენს ეროვნულ სისტემას, ენდობიან ჩვენს ბანკს. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ მომავალში ჩვენ გადავიდეთ ახალ ეტაპზე. ამასთან, კარგად მესმის, რომ ჩვენს ხალხს უამრავი გამოწვევა აქვს, უამრავი სოციალური პრობლემები და ელოდება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელიც მათ სოციალურ ცხოვრებაზე აისახება. დღევანდელი გამოწვევების გასაღები არის ძლიერი ინსტიტუტების არსებობა, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და ასეთი აღიარება ხელს უწყობს, ასახვა პოვოს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე", - აღნიშნა ქადაგიძემ.