საქართველოში ქარის ელექტროსადგური აშენდება

საქართველოში პირველად ქარის ელექტროსადგური აშენდება. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტი იმ მემორანდუმის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით განხორციელდება, რასთან დაკავშირებულ მემორანდუმსაც EBRD-თან ხელი დღეს მოეწერება.

"კონკრეტულ პროექტებს რაც შეეხება, მაგალითად, EBRD-მა უკვე გამოყო 50 მილიონი დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელებისთვის. ასევე, გამოყოფილია 85 მილიონი "ტატა ჯგუფის" პროექტისთვის, რომელიც აჭარაში ხორციელდება. გარდა ამისა, ჩვენ დღეს ხელს მოვაწერთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც 30 მილიონის ინვესტირებას ითვალისწინებს. მის ფარგლებში საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი განხორციელდება, რომლის სიმძლავრეც 20 მეგავატი იქნება. პროექტი 2016 წლისთვის დასრულდება", - აღნიშნა კალაძემ.

მისივე განმარტებით, EBRD-ის მიერ საქართველოს ენერგეტიკის სექტორით დაინტერესება დიდია. "ენერგეტიკის სფეროს მიმართულებით ინტერესი ძალიან დიდია, რაც მისასალმებელია, ვინაიდან ენერგეტიკა არის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სექტორი. ეკონომიკური წინსვლა დამოკიდებულია სწორედ ენერგეტიკულ განვითარებაზე", - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა.