გიორგი კვირიკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვან საინვესტიციო პორტფელს ვამზადებთ მომავალი წლების ინვესტიციებისთვის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის ფორუმის ფარგლებში, სასტუმრო "თბილისის მარიოტში" იტალიელ კოლეგას, პიერ კარლო პადოანის შეხვდა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, პიერ კარლო პადოანი არის იტალიის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და ის არის ძალიან გამოცდილი ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრი საერთაშორისო ინსტიტუტის ბორდშია ნამუშევარი.

"მას აქვს უდიდესი გამოცდილება. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი ჩვენს მომავალ ურთიერთობებზე. ჩვენ გვაქვს დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარის სავაჭრო ბრუნვა წელიწადში. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ციფრია. ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან კარგი საინვესტიციო ურთიერთობები, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იტალიასთან თანამშრომლობა ინფრასტრუქტურის მიმართულებით.  ინფრასტრუქტურის და რეგიონალური მართვის სამინისტროსთან ერთად ვამზადებთ ძალიან მნიშვნელოვან საინვესტიციო პორტფელს მომავალი წლების ინვესტიციებისთვის. ეს არის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ოდენობის საინვესტიციო პორტფელი და ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება ძალიან კარგი თანამშრომლობა იტალიურ კომპანიებთან, ვინაიდან იტალიას აქვს განსაკუთრებით კარგი გამოცდილება მთიანი რეგიონების დაგეგმარების. ჩვენ ამ მიმართულებით გვექნება ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი თანამშრომლობა", -განაცხადა კვირიკაშვილმა.