გიორგი ქადაგიძე: EBRD-ს ანგარიში დიდწილად ემთხვევა იმ პროგნოზებს, რომლებსაც ჩვენ ვაკეთებთ

EBRD-ს ანგარიში დიდწილად ემთხვევა იმ პროგნოზებს, რომლებსაც ჩვენ ვაკეთებთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმადაც EBRD-ს პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2,3%-მდე შემცირდება.

"ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც დეტალურად არის საუბარი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და იმ ზრდაზე, რომელსაც EBRD-ს აზრით, ჩვენ მივაღწევთ წელს და მომავალ წელს. ჩვენთვის ეს სიახლე არ ყოფილა, იმ მკითხველისთვის, ვინც ეცნობა ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ წლიურ ანგარიშებს და ინფლაციის მიმოხილვებს. ეს ანგარიში დიდწილად ემთხვევა იმ პროგნოზებს, რომლებსაც ჩვენ ვაკეთებთ", - განაცხადა ქადაგიძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული ის, რომ EBRD მთლიანად იზიარებს და მხარს უჭერს პოლიტიკას, რომელსაც ეროვნული ბანკი ამ საკმაოდ რთულ ვითარებაში ატარებს.