ვინ აწარმოებს ხორცს McDonald’s-ის ჰამბურგერებისთვის - უჩინარი მიმწოდებელი, რომელმაც საიდუმლოს შენახვა იცის

McDonald’s-ის ხორცის უდიდესი და უძველესი მიმწოდებელი OSI Group-ია. მისი დამფუძნებელი შელდონ ლავინია, რომელიც უმდიდრეს ამერიკელთა რეიტინგში პირველად 88 წლის ასაკში შევიდა. დღეს კომპანიას შელდონის ვაჟი, სტივენ ლავინი ხელმძღვანელობს.

Forbes-ის შეფასებით, McDonald’s კომპანიის ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილად დიდწილად იმის წყალობით რჩება, რომ ჯგუფს „სხვა ადამიანების საიდუმლოებების შენახვა შეუძლია.“

კვების პროდუქტების კერძო მწარმოებელ OSI Group-ის შემოსავალმა 2022 წელს 7,9 მლრდ დოლარი შეადგინა. კომპანიამ ბიზნესი 1955 წელს, ქსელის ერთ-ერთ პირველ მფლობელ რეი კროკთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, McDonald’s-ის ჰამბურგერებისთვის ახალი ფუნთუშების დამზადებით დაიწყო. წლების განმავლობაში OSI Group-მა და მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა შელდონ ლავინმა McDonald’s-თან პარტნიორობა გააფართოვეს, რომ მოეცვათ ყველაფერი, რისი დამზადებაც შეეძლოთ.

დღეს OSI Group-ის 65 ქარხანა 18 ქვეყანაში აწარმოებს პროდუქციას, როგორიც არის გაყინული პიცა DiGiorno კომპანია Nestlé-სთვის, სტეიკები, კარნიტასი, ბარბექიუ, სოფრიტასი (ბურიტოს ვეგანური ვერსია), ლობიო და სხვადასხვა სახის სალსა მექსიკური რესტორნების ქსელ Chipotle-სთვის, სოსისი Oscar Mayer კომპანია Kraft Heinz-ისთვის და მცენარეული ბურგერები Impossible Foods-ისთვის, ასევე, პური, მაკარონი ყველით, სუპები და ჩილი.

შელდონ ლავინი მაისში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა და დირექტორთა საბჭოს ახალი თავმჯდომარე მისი ვაჟი, სტეფანი გახდა. უმცროსი ლავინი ადვოკატია, თუმცა ის საკუთარი თვალით ხედავდა, თუ როგორ გადააქცია მამამისმა ოჯახური ბიზნესის მაღაზია Otto & Sons მსოფლიოში საკვების გადამამუშავებელ ყველაზე დიდ კომბინატად. Forbes-ის მონაცემებით, შელდონ ლავინის გარდაცვალების შემდეგ სტივენისა და მისი ოჯახის ქონება 3,9 მლრდ დოლარს აჭარბებს.

ლავინ უმცროსი, რომელიც საოჯახო ფონდებს მართავს, მრავალი წელია საწარმოში მიმდინარე პროცესებს უძღვება. ის მამამისმა დღევანდელი გამოწვევებისთვისაც მოამზადა. თუმცა სტეფანს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ მაკდონალდიც ეხმარება, რომელიც OSI-ში 36 წლის განმავლობაში, მათ შორის, ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. მთავარი გაკვეთილი, რომელიც ლავინ-უფროსმა შვილს ასწავლა, წინდახედულობაა.

„მე ჩვენს მთელ ქონებას ვაკონტროლებ და მისი დეტალები ჩემი პირადი საქმეა,” - განუცხადა Forbes-ს სტივენ ლავინმა.

McDonald’s, თითქმის, 70 წლის განმავლობაში OSI Group-ის ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება. სწრაფი კვების ქსელიდან კომპანიის შემოსავალი მისი მთლიანი შემოსავლის, დაახლოებით, 3%-ია. OSI Group-ის მომგებიანობის კოეფიციენტი 10%-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ საწარმომ პარტნიორი ბრენდების რეცეპტები, სტრატეგიები და სხვა ბიზნეს ინფორმაცია უნდა დაიცვას.

„ისინი კარგად ინახავენ ნებისმიერ საიდუმლოებას, ნაკლებად ჩანან და ყველა თავის კლიენტთან მეტად მჭიდრო კონტაქტებს ინარჩუნებენ,“ - აცხადებენ დარგის ექსპერტები.

ამის შედეგად OSI Group ინდუსტრიაში მთავარ მოთამაშედ იქცა, სადაც, ჩვეულებრივ, ყველაზე დიდი და ვიწროსპეციალიზებული საწარმოო ხაზები იკავეებენ ბიზნესის უდიდეს წილს.

OSI Group საყასბო მაღაზია Otto & Sons-ისგან წარმოიშვა, რომელიც 1909 წელს გერმანელი ემიგრანტების, კოლშოვსკების ოჯახმა გახსნა. საწარმომ პირველ წარმატებას მაშინ მიაღწია, როცა კროკმა McDonald’s-ისთვის ქვეყნის მასშტაბით საქონლის ხორცის 150 მიმწოდებლიდან მხოლოდ ხუთი შეარჩია. 1960-იანი წლების ბოლოს McDonald’s-მა 38 წლის ბანკირი, შელდონ ლავინი დაიქირავა. ქსელი იმდენად აღფრთოვანებული იყო შელდონის მუშაობით, რომ მას მიმწოდებელ Otto & Sons-ში საკუთრების წილი გადასცეს, ხოლო 1980-იანი წლების ბოლოს ბანკირი მთლიანი საწესდებო კაპიტალის ნახევრით სრულფასოვანი პარტნიორი გახდა. როცა მან აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაიკავა, კომპანიას OSI Group ეწოდა. შელდონმა დამფუძნებლის უმცროსი შვილისგან წილი საბოლოოდ გამოისყიდა და კომპანიის მაჟორიტარი მფლობელი გახდა.

კლიენტების მოსაწონად შელდონ ლავინი სარისკო პროექტების განხორციელებასაც არ ერიდებოდა, რომლებიც დიდ ინვესტიციებს მოითხოვდნენ და როგორიც იყო Big Mac-ებისთვის სალათის მოყვანა ჩინეთში, ქათმის ნაგეტების რეცეპტის შემუშავება და ექსპერიმენტი ბეკონის მრგვალ ნაჭრებზე.

2000 წლისთვის, დაახლოებით, 650 მლნ დოლარი, ანუ მთლიანი შემოსავლის 15% OSI Group-ს სხვა მომხმარებლებისგან შესდიოდა, როგორიც არის KFC და Pizza Hut, ასევე, ნახევარფაბრიკატების გიგანტი ბრენდები, ConAgra და Nestlé.

OSI Group-ის მომხმარებლების სრული სია საიდუმლოდ რჩება. თუმცა აშკარაა, რომ ჰოლდინგი მეტად ფართო კავშირს ფლობს და საკვების გადამამუშავებელი ბევრი კომპანიის მეწილეა. კერძოდ, 2006 წლიდან კომპანია ამერიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი მეფრინველეობის ფერმის, Amick Farms-ის ბიზნესს ფლობს. ასევე, OSI Group უკვე მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრეა ბრაზილიის ხორცის გადამამუშავებელ სიდიდით მეორე ქარხანა Marfrig-ში, რომელმაც 2018-2020 წლების გარიგებებით აშშ-ში საქონლის ხორცის სიდიდით მეოთხე ქარხანა, National Beef შთანთქა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ