გიორგი კვირიკაშვილი: მეორე კვარტლის ბოლოს ბიუჯეტის კორექტირება მოხდება

მეორე კვარტლის ბოლოს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტებული მაჩვენებლიდან გამომდინარე, ბიუჯეტის კორექტირება მოხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა, რომელიც EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 2,3 პროცენტამდე შემცირებას გამოეხმაურა.

"მეორე კვარტლის ბოლოს მთავრობა გამოაცხადებს საკუთარ მოლოდინებს. ეს არის, რა თქმა უნდა, მოკლევადიანი ეფექტი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში. თუმცა აბსოლუტურად ყველა ინვესტორი თანხმდება ერთ რამეზე, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა იქნება რეგიონში და არა მარტო რეგიონში, ევრაზიის კონტინენტზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით კითხვაზე კი, ეკონომიკის მინისტრი პასუხობს, რომ რა თქმა უნდა, საჭირო იქნება ბიუჯეტის კორექტირება და ამაზე შეკითხვის ნიშანი არ არსებობს. ამასთან, კვირიკაშვილის თქმით, ის ამას ამბობს იანვრიდან მოყოლებული. "მეორე კვარტლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტებული მაჩვენებლიდან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ კორექტირებას ბიუჯეტის მიმართულებით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.