ოთარ დანელია მის უწყებაში ხარჯების კიდევ უფრო შემცირების შესაძლებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ამ ეტაპზე მის უწყებაში ხარჯების კიდევ უფრო შემცირების შესაძლებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, მისმა უწყებამ უკვე ყველა შესაძლო ხარჯს გადახედა.  "მოგეხსენებათ, ეს ძირითადად იყო ადმინისტრაციული ხარჯები და წარმომადგენლობითი ხარჯები, ასევე საწვავი და ა.შ. ჩვენ რაც შესაძლებელი იყო, უკვე გადავხედეთ", - განაცხადა დანელიამ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა კიდევ შემცირება, სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ამ შესაძლებლობას ფიზიკურად ვერ ხედავს, მაგრამ თუ იქნება დავალება, ალბათ, რაღაცეების დათმობა მოუწევთ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ჯერ არ იცის, თუ კიდევ რისი დათმობა შეიძლება მოუწიოთ. მანვე აღნიშნა, რომ მისმა სამინისტრომ უკვე ერთი მილიონი ლარის ფარგლებში თანხა დაზოგა.