ჭიკაანის მოსახლეობა სოფლის საძოვრის გასხვისებას აპროტესტებს

ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანის მოსახლეობა სოფლის საძოვრის გასხვისებას აპროტესტებს. ჭიკაანის მოსახლეობის ერთი ნაწილი, დღეს ყვარლის გამგეობასთან შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, საუბარია 17 ჰექტარ მიწის ფართობზე, საიდანაც 0.80 ჰა საკრებულომ როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უკვე გაასხვისა. ჭიკაანის მოსახლეობა ამბობს, რომ თუ პრივატიზაცია არ შეჩერდა, სოფელი საძოვრის გარეშე დარჩება. აქციის მონაწილეები უკვე გასხვისებული ფართობის სოფლის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უპასუხეს. საკრებულოს თავმჯდომარის ზურა ჩხეიძის განმარტებით, თუ სოფლის მოსახლეობა გასხვისებული მიწის გამოსყიდვას შეძლებს, მესაკუთრე მზად არის სოფელს აღნიშნული ფართობი დაუთმოს, ხოლო დარჩენილი 17 ჰექტრის გასხვისება არ იგეგმება.