საქართველო რიკოთის მონაკვეთის გაკეთებას დონორებს სთავაზობს

საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის გაკეთებას დონორებს სთავაზობს. როგორც ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა, ჩუმალეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე ჩასატარებელ სამუშაოებს განიხილავს დონორთა კონფერენცია, რომელიც სავარაუდოდ, ივნისში ჩატარდება. მანამდე ამ გზაზე "იბიარდის" ღონისძიების ფარგლებში საუბარი იყო იაპონიის დელეგაციასთან და სხვა ორგანიზაციებთან.

"იაპონიის განვითარების სააგენტო "ჯაიკა" დღეისთვის მუშაობს ჩვენთან ერთად აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დასავლეთის მონაკვეთზე. იქ ისინი მუშაობენ იტალიელ კოლეგებთან ერთად. ამავე დროს საუბარია იმაზე, რომ ალბათ ივნისში ჩატარდება დონორთა კონფერენცია, რომელიც განიხილავს ჩუმალეთი-ზესტაფონის, ანუ რიკოთის მონაკვეთს. ეს არის ყველაზე რთული და ძვირადღირებული მონაკვეთი. მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება ამ მონაკვეთის გაკეთება და ჩვენ შევთავაზეთ იაპონელ კოლეგებს, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და სახელმწიფოებს, რომ მონაწილეობა მიიღონ დონორთა კონფერენციაში, რათა ძალიან მალე დავიწყოთ აღნიშნული მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთის მშენებლობა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.