კომპანია Apple მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად დასახელდა

Apple-ის ბრენდის ღირებულება წლის განმავლობაში 17%-ით 145,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

კომპანია Apple ზედიზედ მეხუთეჯერ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად დასახელდა. ”ფორბსის” მონაცემებით, Apple-ის ბრენდის ღირებულება წლის განმავლობაში 17%-ით 145,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

”ფორბსის” ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგში მეორე ადგილი კომპანია Microsoft-მა დაიკავა, რომლის ბრენდის ღირებულება 69,3 მილიარდია, მესამე ადგილი კი Google-ს ერგო - 65,6 მილიარდი დოლარი. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ ”კოკა-კოლა” (56 მილიარდი დოლარი) და IBM (49,8 მილიარდი დოლარი).

”ფორბსის” რეიტინგის თანახმად, პირველი კომპანია, რომლის ბრენდიც წელს გაიაფდა, ”მაკდონალდსია”. კომპანიის ბრენდის ღირებულება 1%-ით - 39,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ”ფორბსის” მონაცემებით, 2014 წლის მეოთხე კვარტალში Apple-ის მოგებამ 18 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 33%-ით მეტია წინა წლის მონაცემებთან შედარებით. გასული წლის მეოთხე კვარტალში Apple-მა მსოფლიოს მასშტაბით 74,8 მილიონი სმარტფონი გაყიდა.