რუსეთი ღვინის იმპორტიორ ქვეყნებში საწარმოო ტექნოლოგიის შემოწმებას იწყებს - მოხვდება თუ არა საქართველო ამ სიაში

რუსეთი მეღვინეობის უცხოური საწარმოების აუდიტს იწყებს, რომ იმ ქვეყნების წარმოების ტექნოლოგია შეამოწმოს, საიდანაც რუსეთში სასმელი შედის. ამის შესახებ „იზვესტიას“ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს.

„როსსელხოზნადზორი“ ამგვარი კონტროლის დასაწყებად მთელ რიგ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. კერძოდ, უწყებამ 21 ქვეყნის მეღვინეობის სფეროს სამსახურებს ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივი მემორანდუმის პროექტი უკვე დაუგზავნა, რომლის გაფორმების შემდეგაც რუსი სპეციალისტები ამ ქვეყნებში საწარმოების აუდიტს ჩაატარებენ. ეს ქვეყნები რუსეთისთვის მიწოდებული ღვინის 90%-ს აწარმოებენ. სავარაუდოდ, ამ 21 ქვეყნის სიაში საქართველოც არის, რადგან ფედერალური საბაჟო სამსახურის იანვარ-ოქტომბრის იმპორტის მონაცემებით, უცხოური მიწოდების ტოპ ხუთეულში იტალია, საქართველო, ესპანეთი, საფრანგეთი და პორტუგალიაა.

„იზვესტიას“ ცნობით, ყველაზე აქტიური მოლაპარაკებები სომხეთთან, მოლდოვასთან და სერბეთთან მიმდინარეობს.

„როსსელხოზნადზორში“ აცხადებენ, რომ წარმოების შეფასება უცხო ქვეყნის ტერიტორიებზე ღვინის წარმოების ტექნოლოგიის შესაბამისობის კონტროლისთვის არის აუცილებელი. უწყება ამას „რუსეთის ფედერაციაში მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ“ კანონის საფუძველზე აკეთებს, რომლითაც დადგენილია, რომ რუსეთის ხელისუფლებას უფლება აქვს, ქვეყანაში შეტანილი პროდუქციის წარმოების ტექნოლოგია უცხო სახელმწიფოების ტერიტორიაზე გააკონტროლოს, რაც საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად ან მხარეთა შეთანხმებით უნდა მოხდეს.

„როსსელხოზნადზორში“ არ აკონკრეტებენ, წარმოების რომელ ეტაპებს შეაფასებენ სპეციალისტები პრაქტიკაში და მხოლოდ განმარტავენ, რომ „უფრო კონკრეტული საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღვინის პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიურ წესს დაამტკიცებს.“ ასევე, გაურკვეველია, თუ რა ბედი ეწევა იმ ქარხნებს, რომლებიც რუსეთის შიდა მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ.

„იზვესტია“ წერს, რომ თავად „მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ“ ფედერალური კანონით პროდუქციის წარმოების აკრძალული ტექნოლოგიური მეთოდების სია უკვე დადგენილია და „როსსელხოზნადზორის“ ექსპერტების შემოწმების საფუძველი სწორედ ეს სტანდარტები გახდება. წესების ეს სია ნედლეულს, წარმოების საშუალებებსა და მათ მეთოდებს შეეხება. სულ 10-ზე მეტი წესია, მათ შორის, მაგალითად, აკრძალულია დაკონსერვებული, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, წვენის, წყლის ან ხმელი ყურძნის გამოყენება წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. უფრო მეტიც, სასმელების წარმოებისას არ შეიძლება შაქრის, წყლის დამატება, ასევე, ღვინის დამატებითი არომატიზირება ან საღებავებით შეფერვა.

თუმცა რუსეთი ღვინის იმპორტს 90 ქვეყნიდან ეწევა, რომელთაგან თითოეულს ბევრი მწარმოებელი ჰყავს, ამ ვითარებაში კი რუსი ექსპერტები ალტერნატივად ქვეყანაში შესული ღვინოების შერჩევით ლაბორატორიულ შემოწმებას ასახელებენ. მათი შეფასებით, მაშინ, როცა უცხოური პროდუქციის ხარისხი დღეს რამდენიმე ეტაპზე ისედაც მოწმდება, ინსპექტირების კიდევ ერთმა სისტემამ იმპორტიორებისთვის დამატებითი ხარჯები არ უნდა გამოიწვიოს, რადგან ეს მომხმარებლებს უფრო მაღალ ფასებად დააწვება.

მიიღო თუ არა საქართველომ „როსსელხოზნადზორის“ მხრიდან ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივი მემორანდუმის პროექტი, ჯერჯერობით უცნობია. „ბიზნესპრესნიუსი“ აღნიშნულ საკითხზე მუშაობას განაგრძობს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ